უფროსკლასელი გოგონა ამბობს, რომ საპირფარეშოში ბიჭმა მობილურით გადაუღო – რა ხდება ასპინძის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში
2017-11-29 16:05:58 · ამობეჭდვა

ასპინძის რაიონის სოფელ ტოლოშის სკოლის მოსწავლე გოგონა აცხადებს,რომ საპირფარეშოში ყოფნისას მას უფროს კლასელმა ბიჭმა ფარულად მობილურით გადაუღო.

ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ გამოცემა ,,სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ინციდენტი 13 ნოემბერს მოხდა, გამოცემასთან საუბარში გოგონა ჰყვება, რომ მან დაინახა თუ როგორ უღებდა ბიჭების საპირფარეშოდან ჭერთან ამოღებული კედლიდან თანასკოლელი მობილურით.

გოგონა ყვება,რომ ის გოგოების ტუალეტიდან გამოვიდა და ,,ბიჭების ტუალეტში შევარდა“ სადაც მას ის ბიჭი დახვდა,რომელიც უღებდა, ტელეფონი კი ძირს კუთხეში ეგდო.

სააგენტოს ინფორმაციით, ფოტოების გადაღებაში დადანაშაულებული ბიჭი აცხადებს,რომ მას ფოტოები არ გადაუღია ,გოგონა კი ირწმუნება,რომ გადაუღეს თუმცა კადრები წაშალეს.

გოგონა ასევე ამბობს, რომ ამ ფაქტს სხვა შემსწრე თანასკოლელიც ჰყავს,რომელიც ამბობს,რომ გადაღებული ფოტოები წაშლილია.

სამხრეთის კარიბჭესთან საუბარში გოგონა ასევე აცხადებს,რომ მას თანაკლასელი ბიჭებისგან ჰქონდა გაგებული,რომ ბიჭები გოგონებს საპირფარეშოში ფოტოებს ფარულად უღებდნენ, რასაც უფროსკლასელი ბიჭები კატეგორიულად უარყოფენ.

ინციდენტის შესახებ გოგონამ სკოლის დირექტორსა და მშობლებს უამბო, რის შემდეგაც უფროსი კლასის ყველა ბიჭს ტელეფონები ჩამოართვეს.

,,მოსწავლეების თქმით, დირექციამ მათი ტელეფონების შეამოწმა თუმცა ეს პროცესი ცხრა დღეს გაგრძელდა“-წერს ,,სამხრეთის კარიბჭე“.

ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტს ადასტურებს იულია ოთანძე,სკოლის ქართულის მასწავლებელი.

„არაფერი გადამიღია და პრობლემა არ იყო, ენახათ, მაგრამ ჩემი ფეისბუქის მესიჯები და რაღაცეები წაიკითხეს. თან ტელეფონები დიდხანს არ დაგვიბრუნეს“, – ამბობს ,,სამხრეთის კარიბჭესთან" იმ ბიჭის თანაკლასელი, რომელსაც კადრების გადაღებაში ადანაშაულებენ.

ტელეფონების დირექტორის კაბინეტში რამდენიმე დღით გამოკეტვის გამო, სკოლაში მეორე ინციდენტიც მოხდა. როგორც სკოლის ერთ–ერთი მასწავლებელი პირად საუბარში გვეუბნება, ბიჭებმა ტელეფონების აღების მიზნით, დირექტორის კაბინეტის კარი დააზიანეს.

„კარი განგებ არ გაგვიფუჭებია. ბევრი ვიდექით კართან, ბიჭებმა ხელი მკრეს და უცებ დირექტორის კაბინეტში შევვარდი. ამის გამო კარი ოდნავ დაზიანდა, სულ ეს იყო, კარის შემტვრევის და ტელეფონების აღების მიზნით ეს არ გაგვიკეთებია“, – გვიხსნის მოსწავლე, რომელსაც თანატოლებთან ერთად დირექტორის კარის დაზიანებაში ადანაშაულებენ.

მოსწავლეებს რომ ტელეფონების ჩამორთმევა არ გაუპროტესტებიათ, ამაზე მისი თანაკლასელებიც საუბრობენ: „არც კარის შემტვრევა არ გვინდოდა, შემთხვევით მოგვივიდა“.

13 ნოემბერს მომხდარმა, ამ თვალსაზრისით, ვითარება შედარებით შეცვალა. ქალი მასწავლებლების ტუალეტს საკეტი დაუყენეს, გოგონების საპირფარეშოში კი ხის კარი ჩამოკიდეს. ამ დრომდე კარის გარეშეა ბიჭების საპირფარეშო, კაცი მასწავლებლების ტუალეტის კარს კი სახელური ისევ არ აქვს.

ამასთან ერთად, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა საკითხის მოკვლევა დაიწყო. მოსწავლეებს ახსნა–განმარტებები დააწერინეს. თუმცა, მომხდარის შესწავლა ვეღარ გააგრძელეს.

„ქვორუმი ვერ შედგა. 6 წევრი ვართ და აქედან ერთი იმ ბიჭის დედაა, ვისაც კადრების გადაღებაში ადანაშაულებენ, ამიტომ მას აცილებას მივცემთ. კომიტეტში კიდევ ერთი მშობელი გვყავს და ის საავადმყოფოშია, შვილი ჰყავს ცუდად. ერთ მასწავლებელს კიდევ თვალზე ოპერაცია აქვს გაკეთებული და ისიც ექიმთან იყო კონსულტაციაზე“, – ამბობს დისციპლინური კომიტეტის ერთ–ერთი წევრი ლია მჭედლიშვილი, რომელიც სკოლაში სასწავლო ნაწილის ხელმძღვანლიცაა.

მისივე თქმით, კომიტეტს დირექტორის მიმართვიდან სამი კვირის განმავლობაში საკითხის განხილვისთვის ვადა აქვს. იმ შემთხვევაში თუ ქვორუმი ისევ ვერ შედგება, მაშინ დირექტორი მომხდარის მოკვლევას თავად დაიწყებს: „მოკვლევაში იგულისხმება ის, რომ ამ ბავშვებს მშობლების თანდასწრებით გამოვკითხავთ, რადგან სრულწლოვნები არ არიან“.

რაც შეეხება ჩამორთმეულ ტელეფონებს, მათ შემოწმებასა და იქ აღმოჩენილ მასალებს, ამაზე მჭედლიშვილი არ საუბრობს: „ჯერ მოკვლევა დასრულებული არ გვაქვს“.

მომხდართან დაკავშირებით უფლებადამცველები ფიქრობენ,რომ ინციდენტი არა სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა, არამედ სამართალდამცველებმა უნდა შეისწავლონ,რადგან საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ეხება.

ასევე სამართალდამცველები მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებისთვის ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტითაც უნდა დაინტერესდნენ.

სკოლის დირექტორი მზია ზედგინიძე მომხდართან დაკავშირებით,კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ,,სამხრეთის კარიბჭე წერს"

დადგება თუ არა მზია ზედგინიძის პასუხისმგებლობის საკითხი, ამ შეკითხვას სამინისტროსა და რესურსცენტრშიც უპასუხოდ ტოვებენ. ჯერჯერობით ღიად რჩება ის საკითხიც, რა ღონისძიებებს გაატარებს სამინისტრო სკოლაში ან ჩაერთვებიან თუ არა მომხდარში საგამოძიებო უწყებები და ფსიქოლოგი.

წყარო : ,,სამხრეთის კარიბჭე“





გაზიარება და მოწონება