პატრიარქის ,,მემკვიდრე“ - კირილის კანდიდატი შიო და ლევან ვასაძე
2017-11-23 12:15:37 · ამობეჭდვა

პატრიარქის მიერ სენაკისა და ჭხოროწყუს ეპარქიის წინამძღვარის მეუფე შიოს თანამოსაყრედ დასახელების შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა დაახლოებით ერთი თვის წინ გაზეთ ,,ქრონიკა პლიუსში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც პატრიარქის ,,მემკვიდრეს“ ეხებოდა. ქრონიკა პლიუს მაშინ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა რუსეთის ეკლესიასთან და პატრიარქ კირილთან საქართველოს ეკლესიის მომავალი პატრიარქის საკითხი უკვე შეათანხმეს.

როგორც გამოცემასთან საუბრისას საქართველოს ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქი ამბობდა, მომავალი პატრიარქი უკვე შერჩეულია და ამ პროცესში ლევან ვასაძეც არის ჩართული, რომელიც ერთგვარი შუამავალია რუსეთსა და ქართველ სასულიერო პირებს შორის. სპეცსამსახურებმა, რუსეთის პატრიარქ კირილის თანხმობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ადგილმონაცვლედ მაღალყოვლადუსამღვდელოესი შიო (მუჯირი) შეარჩიეს და ამჟამად ინტენსიურად მუშაობენ ქართველი სამღვდელოების, კერძოდ, სინოდის იმ წევრებთან, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებისა და საპატრიარქოს წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. როგორც „ქრონიკა+“-სთან საუბარში სასულიერო პირი აცხადებდა, მეუფე შიოს მოსკოვში კარგად იცნობდნენ და იგი რუსეთის პატრიარქის კარზე საკმაოდ მიღებულ პერსონად მიიჩნევა, თან ახალგაზრდაა, რაც პატრიარქად ყოფნის ხანგრძლივობასა და მის ილია მეორესთან ერთგვარ იდენტიფიცირებას შეუწყობს ხელს, ანუ ხალხს „ადვილად შეუყვარდება“. „საპატრიარქოს ცალკეულ წრეებში მეუფის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირებზეც საუბრობენ. ჩემს დასამუშავებლად მოსულ პერსონას კითხვა დავუსვი: _ რამდენად უტყუარია ინფორმაცია მისი მხარდაჭერის შესახებ და ვინ არის გარანტი? პასუხად მივიღე: _ ლევან ვასაძე“, _ ამბობდა „ქრონიკა+“-თან მაღალი იერარქის სასულიერო პირი.





გაზიარება და მოწონება