დენის გაძვირებამდე რამდენიმე დღე დარჩა
2017-11-22 00:06:28 · ამობეჭდვა

ენერგეტიკოსების განცხადებით ლარის დევალვაციის ფონზე დენზე გადასახადის გაძვირება გარდაუვალია, თუმცა სემეკში ამ საკითხის განხილვა, დღის წესრიგით, ჯერჯერობით არ ჩანიშნულა. სემეკის ინფორმაციით, წლის ბოლომდე მოხდება გეგმური განხილვა, რის საფუძველზეც 2018 წლის ტარიფი დადგინდება. შეიცვლება გადასახადი თუ არსებული შენარჩუნდება, ამაზე უწყებაში, ჯერჯერობით არავინ საუბრობს. ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ ტარიფებთან დაკავშირებით დამოკიდებულება შეცვალა, რადგან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უკვე პირდაპირ უქმნის ყველა დაბრკოლებას ქვეყნის ეკონომიკას და სხვადასხვა დარგს, მათ შორის ენერგეტიკას. "დღევანდელი კურსის მიხედვით, კორექცია ტარიფში აუცილებლად შევა. თუ ამ მაჩვენებელზე დარჩა ლარი, ცვლილება გარდაუვალია. 2,70-ის ფარგლებშია კურსი, ამას ნამდვილად არ ველოდი. 1 თვის წინ 2,45-ის ფარგლებში იყო და წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ამ დონეზე გაუფასურდებოდა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი შეიცვლება, ცოტა ადრე ასე არ ვფიქრობდი. 2,50 საკონტროლი ნიშნულადაა აღებული, მცირე სხვაობა გამყარების ან დევალვაციის მიმართულებით, რეალურად, ვერაფერს შეცვლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ელექტროენერგიის გადასახადის შენარჩუნება უკვე საეჭვოა და არანაირ ლოგიკაშიც არ ჯდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ კურსი შედარებით დაბალ ნიშნულზე არ დასტაბილურდა, ტარიფს აუცილებლად გაზრდიან. ახლანდელ დონეზე (2,70) თუ გააჩერებენ, სასიკეთო არაფერი მოხდება", - განუცხადა "ბიზენს-რეზონანსს" არაბიძემ და დასძინა, რომ ტარიფის გაძვირება რთულად გადასატანი იქნება მოსახლეობისთვის. პროგნოზირება უჭირს, მაგრამ უარყოფით განწყობას არც ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა მალავს. მისი აზრით, სემეკს არსებულ სიტუაციაში ტარიფის შენარჩუნება გაუჭირდება. "ბუნებრივია, დენის გადასახადი გაიზრდება, თუკი ლარის კურსი დოლარის მიმართ გაუფასურებას გააგრძელებს. კომპანიები ითხოვენ ტარიფის კორექტირებას კურსის შესაბამისად, რაც ლოგიკურია. სემეკს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ახლა ძნელია პროგნოზი, როგორი იქნება მისი პოზიცია საბოლოოდ, ყველაფერი მოსალოდნელია. ცხადია, დეტალურად იქნება შესწავლილი ელექტროგამანაწილებელი კომპანიების დანახარჯი, რასაც ტარიფი ითვალისწინებს. წესით, იმედიანი განწყობის საბაბი არ გვაქვს, მაგრამ ხელს ვერ ჩავიქნევთ, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დაბლა წამოვიდეს კურსი, არაფერს გამოვრიცხავ", - ამბობს მირცხულავა. წყარო - „ბიზნეს რეზონანსი“.





გაზიარება და მოწონება