კიევიდან დეპორტირებული ქართველები - უკრაინაში საქართველოს საელჩოს განცხადება, 3 დღიანი დუმილის შემდეგ
2017-11-20 08:18:21 · ამობეჭდვა

3 დღიანი დუმილის შემდეგ, უკრაინაში საქართველოს საელჩომ კიევში დაკავებული და დეპორტირებული ქართველების შესახებ, წერილობითი განცხადება გაავრცელა. დიპლომატიური წარმომადგენლობის წერილში ნათქვამია, რომ 17 ნოემბერს, უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის იძულების წესით დაბრუნების თაობაზე ინფომაციის მიღებისთანავე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს და გრძელდება კომუნიკაცია ასევე სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან.

საელჩო განმარტავს, რომ უკრაინული მხარე დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს, მიზეზად კი ქართველების უკრაინის ეროვნული უსაფრთოხების ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას ასახელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები იძულების წესით საქართველოში უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურის მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შემდეგ დააბრუნეს.

„საქართველოს საელჩომ უკრაინაში, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, უკრაინიდან საქართველოს რვა მოქალაქის სამშობლოში იძულების წესით დაბრუნების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებელი კომუნიკაცია დაამყარა და მოცემული მომენტისათვის აგრძელებს პერმანენტულ კავშირს, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ყველა სხვა პროფილურ უწყებასთან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხსენებული მოქალაქეები, - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულების წესით იქნენ დაბრუნებულნი საქართველოში, - საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს. აღნიშნულით ხსნის უკრაინული მხარე დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას. საელჩო აგრძელებს უკრაინულ მხარესთან ინტენსიურ კომუნიკაციას და მოელის, რომ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მაქსიმალურად იქნება დაცული ყველა სამართლებრივი ნორმა და საქართველოს მოქალაქეების უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.





გაზიარება და მოწონება