"ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა"
2017-11-19 11:55:24 · ამობეჭდვა

"ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების საკუთარი, ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა"- ამ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აკეთებს. გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ არსებული ვითარების არასწორი მოლოდინებისთვის დაბრალება, ხელისუფლების მორიგი ტყუილია.

"ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების საკუთარი, ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა. ხალხის ბრალი ყოფილა ყველაფერი და არა ხელისუფლების. არასწორი მოლოდინები გაგვჩენია ტვინში და ჯოგური პრინციპით ვმოქმედებთ-პირველი წავიდა ვიღაცა სავალუტო ჯიხურისაკენ და მერე ყველანი მივყევით ცხვრებივით.
სისულელე!
ქვეყანას ევროზონაში არ მიგიღებენ, თუ მოწესრიგებული ბიუჯეტი არა გაქვს, ჩვენთან კი თურმე ბიუჯეტი საერთოდ არაა რაიმე ფაქტორი. ანაკლიაში მიწების გამოსყიდვას ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარი რომ მიახარჯეს( არა და ეს ინვესტორის საქმე იყო), მხოლოდ იმ კუთხით გაგვახარეს, რომ თურმე ქვეყანაში თვრამეტი ახალი მილიონერი გაჩნდა. იმდენად გათავხედდა მთავრობა, რომ ნაცვლად ქამრების შემოჭერისა, კიდევ ორასი მილიონი ლარით ზრდის მიმდინარე წლის ბიუჯეტს. ფული შემოვიდა და აბა რა ვქნაო. თუ შემოვიდა ვალს რატომ იღებდი? რაც შემოვიდა და რაც ძველი ნაშთები იყო კომერციულ ბანკებზე გადაასესხეს და ამ ახალი, დამატებითი ხარჯებისათვის ფულს ისევ ნაშთებიდან უშვებენ ბრუნვაში. თანაც, კიდევ რამდენი აქვთ დასახარჯი ამ თვენახევარში ძველი ჩამორჩენის ჩათვლით?!
ლარს ანადგურებენ!
ეს არაა მხოლოდ უცოდინარობა. ყველა ხარჯის უკან საკუთარი ინტერესები დგას-პოლიტიკური და პირადი. მილიარდობით შესყიდვებში ყველგან ვიღაცის ინტერესია ჩადებული.
ეროვნული ბანკი ფეხქვეშ გაიგდეს. ბიუჯეტის მომსახურე გახადეს. ასტრონომიულ რიცხვებს უწია ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებმა კომერციული ბანკებისადმი. ამის იდეოლოგიური სარჩული ეკონომიკური ზრდის წახალისებააა. ვინ გეკითხება. აკეთე შენი საქმე. წადი, ლარსა და ფასებს მიხედე.
ეროვნული ბანკის ემისიური ფულით კომერციული ბანკები მთავრობის სახაზინო ვალდბულებებსაც ყიდულობენ და საკრედიტო პორტფელსაც ივსებენ უშრომლად. თავის მხივ, მთავრობაც აძლევს სესხს კომერციულ ბანკებს, რომ მერე თავად ისესხოს მათგან.
აბსურდის თეატრია.
მთავარი ილუზია ისაა, რომ გაზაფხული მოვა და ყველაფერი კარგად იქნება. არ იქნება, სამწუხაროდ. უკვე ჩამოყალიბდა ქართული ოცნების ეკონომიკის მყარი მოდელი: მეტი რეგულირება, სახელმწიფოსთვის მეტი როლის მინიჭება, იაფი ფული, ბევრი უსარგებლო ხარჯი ქვეყნისთვის და სარგებლიანი მაღალჩინოსნებისთვის და მათთან დაახლოებული ბიზნესისათვის. ყოველივე ეს განმტკიცებულია კანონებით და ასახულია მომავალი წლების ბიუჯეტებში. ამ დისბალანსის აღმოფხვრას სჭირდება ძირეული პოლიტიკური ცვლილებები, ძლიერი პოლიტიკური ნება. ამ შემთხვევაში გაფუჭებულის გამოსწორება შეიძლება შედარებით უმტკივნეულოდ. ტკივილი მაშინაც აუცილებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში დროებით დისბალანს დაამყარებს ლარი. ისე მწარედ, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია,"-წერს რომან გოცირიძე.





გაზიარება და მოწონება