ქორეპისკოპოს იაკობს 20 ათას ლარს სთხოვენ
2017-11-18 00:21:09 · ამობეჭდვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ მეუფე იაკობის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერჯერობით არ დაუწყია.

როგორც "პირველ რადიოს" ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, საქალაქო სასამართლომ უკვე გადაუგზავნა სარჩელი მოპასუხე მხარეს და ამ დროისთვის შესაგებელს ელოდება, რომელიც საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ მომავალ კვირას შევა. სარჩელით ციანიდის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 ათას ლარს ითხოვს. მიხეილ რამიშვილი სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

საქმე მეუფე იაკობის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაჟღერებულ განცხადებას ეხება, სადაც მეუფემ ადვოკატს, როგორც გირგვლიანების, ასევე დეკანოზის საქმეში “ჩანერგილი აგენტი” უწოდა.

"თავიდან როდესაც მან გაამჟღავნა ეს ყველაფერი მე "ფეისბუქზე" მივწერე და ვურჩიე რომ წასულიყო მეორე დღესვე, სანამ სარჩელი შევიდოდა და ამ ცილისწამება უარეყო და ბოდიში მოეხადა. რაც შეეხება სარჩელს, სარჩელი შეტანიალია, გადაგზავნილია უკვე სასამართლოს მხრიდან მოპასუხეზე და იმ კვირის დასაწყისში უნდა შესაგებელი გადმოაგზავნონ და მიუტანონ სასამართლოს. მერე უკვე როგორც კი შესაგებელი იქნება, მერე შეიძლება მოვითხოვო რომ ცოტა დაჩქარებულად განიხილოს მოსამართლემ აღნიშნული პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენ ხანში დაწერენ საპატრიარქოში თავის იურისტებთან ერთად შესაგებელს,"-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.





გაზიარება და მოწონება