,,ბიზნესის და მთავრობის გარიგება" - რა კავშირი აქვს ლარის გაუფასურებას საპენსიო რეფორმასთან
2017-11-17 00:24:25 · ამობეჭდვა

ეკონომიკური ექსპერტი პაატა შეშელიძე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მთავრობა ლარს მიზანმიმართულად აუფასურებს, მთავრობისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებებით ხსნის. "პირველ რადიოსთან" საუბარში შეშელიძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ეროვნული ვალუტის გაუფასურება საპენსიო რეფორმას უკავშირდებოდეს:

"აკეთებენ განცხადებას, რომ ზამთარი მოვიდა და არის მოლოდინები, რომ ლარი გაუფასურდება. როგორ აიხსნება ეს? მცირე შემოსვლის მქონე ადამიანს ადარდებს და დიდი შემოსავლების მქონე ადამიანს, რომელსაც უზარმაზარი ვალდებულებები აქვს, ესე ცინიკურად პასუხობს, რომ აცივდება, მოლოდინები არის ნეგატიური. ყველა ნერვიულობს და ეს ადამიანები ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის. როგორი შთაბეჭდილება უნდა დაგრჩეს? ეს არის გარიგების შედეგი, რომელიც დიდი ალბათობით საპენსიო რეფორმას უკავშირდება, რომელიც სამარცხვინოა და არ უნდა გაკეთდეს. საპენსიო რეფორმა, თუ ასე ჩატარდა, ფაქტიურად იმ კომპანიებს ჩაუვარდებათ ფული უფასოდ, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე და მთავრობასაც აწყობს ეს ვარიანტი იმიტომ, რომ მიმდინარე ხარჯებისთვის გაუჩნდება უზარმაზარი შემოსავალი, ფაქტიურად სახაზინო ვალდებულებების ბაზარი გაეხსნება. ეს არის გრძელვადიანი გათვლა. ეს არისა ჩემი ვარაუდი, მაგრამ ანალოგიური გარიგება იყო, როდესაც ონლაინ სესხებს ებრძოდნენ, გაანადგურეს და ბანკებმა აიღეს მთელი ეს ბიზნესი. ჩემთვის ძალიან ნათელია მსხვილი ბიზნესის და მთავრობის გარიგება" განაცხადა პაატა შეშელიძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში.





გაზიარება და მოწონება