აჟიოტაჟი ჩაცხრება და კურსი წამოვა ქვევით
2017-11-04 00:26:25 · ამობეჭდვა

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტი ვანო მთვრალაშვილი ბოლო პერიოდში ქვეყანაში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების პროცესს ეხმაურება. "პირველ რადიოსთან" საუბარში მთვრალაშვილი ამბობს, რომ ლარის ვარდნა გამოწვეულია ორი ძირითადი ფაქტორით- სეზონური ფაქტორით და აჟიოტაჟით, რომელიც ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ გაკეთებულმა პოლიტიკურმა განცხადებებმა შექმნა. მთვრალაშვილის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსები აანონსებდნენ ლარის გაუფასურებას, რის გამოც კერძო და იურიდიულმა პირებმა რეზერვებისთვის დიდი რაოდენობით დოლარი შეიძინეს. მთვრალაშვილი ვარაუდობს, რომ ლარის დასტაბილურება აჟიოტაჟის გადავლის შემდგ მოხდება

"მიმდინარე გაუფასურების მიზეზი არის ის, რომ ჩვენ სამწუხაროდ ვართ მნიშვნელოვნად დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე, შესაბამისად იმპორტირებული პროდუქციის წილი ბაზარზე არის ძალიან მაღალი. წელიწადის ეს პერიოდი გამოირჩევა იმით, რომ იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. ახალი წელი დგება და კომპანიები ქმნიან გარკვეულ მარაგებს. იმპორტის მოთხოვნაზე ზრდა პირდაპირპროპორციულია დოლარი მოთხოვნადობის ზრდასთან. დოლარსა და ლარს შორის დისბალანსში ეს გარკვეულ როლს თამაშობს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არჩევნების შემდეგ გარკევული პოლიტიკური ნიუანსებიც იყო ლარის კურსთან დაკავშირებით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა დაიწყოს გაუფასურება. დაემთხვა ის, რომ რამდენიმედღიანი ვარდნა მოხდა კურსის და შეიქმნა აჟიოტაჟი, ანუ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა როგორც კერძო მოქალაქეების, ასევე იურიდიული პირების მხრიდან მოთხოვნა დოლარზე. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის პროცესი, რაც მივიღეთ.

საკმაოდ პოზიტიური მუხტია, შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუფასურების პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება და მას შემდგ რაც აჟიოტაჟი ჩაცხრება, თავისთავად კურსი წამოვა ქვევით. იმისთვის, რომ ქვეყანა ეროვნული ვალუტის გაუფასურებისგან დავიცვათ, საჭიროა საკმაოდ მყიფე ეკონომიკის გაძლიერება , ინვესტიციებისა და უცხოური კაპიტალის შემოსვლა, წარმოება უნდა ვითარდებოდეს" განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბარში.





გაზიარება და მოწონება