"ანომალიური ზამთარი" - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
2017-11-02 11:26:11 · ამობეჭდვა

იქნება თუ არა წლევანდელი ზამთარი ანომალიურად ცივი? ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე, გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი არანაირი პროგნოზი არ არსებობს და სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული პროგნოზი შესაძლოა, მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდს წარმოადგენდეს:

"ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ანომალურად ცივი ზამთრის შესახებ. ამინდის პროგნოზის მსოფლიოს მოწინავე ცენტრები ამინდის გრძელვადიან, ე.წ. სეზონურ პროგნოზებს ამზადებენ და ავრცელებენ საპროგნოზო სეზონის დადგომამდე 10-15 დღით ადრე. ამ ტიპის პროგნოზების შესადგენად გამოიყენება როგორც რიცხვითი, ასევე ანალოგის მეთოდები. ევროპისა და დასავლეთ აზიის რეგიონებში არსებული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის სეზონური პროგნოზები დგება ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და ამერიკის პროგნოსტიკული ცენტრების მოდელების საფუძველზე. ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალიურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად. სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული პროგნოზი შესაძლოა, მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდს წარმოადგენდეს, შესაბამისად, მათი ოფიციალურ წყაროდ გამოყენება შეუძლებელია. მიმდინარე წლის 20-23 ნოემბერს ხორვატიაში ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის ფორუმი გაიმართება, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას. ამ ფორუმზე მომზადდება 2017-2018 წლის ზამთრის სეზონში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი. საქართველოში ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ფორუმზე მიღებული ინფორმაცია განთავსდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (nea.gov.ge) და გავრცელდება მასმედიის საშუალებებით. საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებული ამინდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგნოზებით“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.





გაზიარება და მოწონება