სურსათი 5 % გაძვირდება
2017-11-02 00:12:47 · ამობეჭდვა

ლარის გაუფასურების პარალელურად იმპორტიორები აცხადებენ რომ იმპორტირებულ პროდუქტზე ფასები მინიმუმ 5 % მოიმატებს, ესეც იმის გათვალისწინებით თუ ლარი დღევანდელ ნიშნულზე დარჩება და უფრო არ გაუფასურდება. მათივე თქმით, გაძვირება შესაძლოა არა იმპორტებულ პროდუქტებს არამედ ადგილობროვ პროდუქტეეს შეეხოს. იმპორტიორები არ გამორიცხავენ რომ გაიზრდება საწვავის ფასიც, რამაც შესაძლოა ინფლაციის დონე გაზარდოს.
"ისეთი პროდუქცია, რომელიც ძალიან დაბალ მარჟაზე მუშაობს, მაღალი ლიკვიდობით ხასიათდება. ასეთია, ვთქვათ, შაქარი და ფქვილი, რომლის გაძვირებასაც ველოდებით. ცხადია, ყოველდღიური მოხმარების სხვა პროდუქტებზეც მოიმატებს ფასი, მაგრამ ჯერჯერობით იმპორტიორები თავს იკავებენ, რადგან უცნობია, რა ნიშნულს დაიჭერს ლარი გრძელვადიან პერიოდში.
უკვე პანიკასაც არ აქვს აზრი, ურთულეს მდგომარეობაში ვართ. უამრავ დაბრკოლებას გაუძლო ბიზნესმა ლარის გაუფასურების გამო და ისევ ამ გამოწვევის წინაშეა. ველოდებით, რომ წონასწორობის ახალი წერტილი დაიჭიროს ეროვნულმა ვალუტამ, რის შესაბამისადაც ფასები დაკორექტირდება. 1 კვირის განმავლობაში ლარი კატასტროფულად არის გაუფასურებული და ეს რეალიზაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებს", - ამბობს ჭყონია.
მისი თქმით, ლარის გაუფასურება არ ყოფილა მოულოდნელი, მაგრამ ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ჭყონია იმედოვნებს, რომ მთავრობა ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ დაუშვებს.
"ზედიზედ რამდენიმე თვეა, აქტიურად მიდის საუბარი, რომ არჩევნების შემდეგ ლარი დევალვაციას განაგრძობს. პოლიტიკური პროცესის გარეშეც, წლის ამ პერიოდში კურსი ყოველთვის მატულობს, ასეა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. ძირითადად ოქტომბრის ბოლოდან უფასურდება ლარი, იმპორტზეც მეტი მოთხოვნაა, ახალი წელი ახლოვდება და შემოტანილი პროდუქტის რეალიზაცია მატულობს. შესაბამისად, მეტი მოთხოვნა ჩნდება დოლარზე და ესეც განაპირობებს ლარის კურსზე გავლენას.
მიუხედავად ამისა, მინდა ვთქვა, რომ მთავრობა ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ დაუშვებს და შესაბამის ზომებს მიიღებს, რომ პანიკის საფუძველი არ გამოიწვის კურსმა. ველოდები, რომ უახლოეს დღეებში ფასები 3-5%-ით გაძვირდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ არსებულ მაჩვენებელზე გაჩერდება კურსი. თუ 2,60-იან ნიშნულს საფუძვლიანად გადააბიჯებს, გაცილებით მაღალ ფასებს მივიღებთ. შეიძლება, ტანსაცმელსა და ტექნიკაზე ფასები შენარჩუნდეს, ჯერჯერობით მაინც, მაგრამ პირველადი მოხმარების საქონელზე ფასის ზრდა გარდაუვალია", - ამბობს ჭყონია.

წყარო ,,რეზონანსი“





გაზიარება და მოწონება