მთავრობამ 500 მილიონი ბანკებს ასესხა - ლარის კრიზისი
2017-11-01 00:05:59 · ამობეჭდვა

ლარის გაუფასურებაზე ათეულობით ფაქტორი მოქმედებს- აცხადებს "ენმ"- ერთ ერთი ლიდერი რომან გოცირიძე. მისი თქმით, ეროვნულ ვალუტას აუფასურებს როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობის შეცდომები. ბიუჯეტის არათანმიმდევრული ხარჯვა, ასევე ის, რომ მთავრობამ კომერციულ ბანკებს 500 მილიონი ასესხა, გოცირიძის შეფასებით, ლარზე უარყოფითად აისახა. დეპუტატი ე.წ. გალარების პროგრამაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის გაუაზრებელი კამპანიაა. რაც შეეხება პოსტსაარჩევნო პერიოდს. უკავშირდება თუ არა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება, არჩევნების დასრულებას, გოცოროძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს, არჩევნების შემდეგ, შემოდგომის პერიოდში ლარი არასდროს გაუფასურებულა, 2008 წლის გარდა. მისივე თქმით, მთავრობამ 2018 წლის ბიუჯეტი უნდა შეცვალოს, რომელიც გოცირიძის შეფასებით ცუდია და ლარის გამყარების შესაძლებლობას არ იძლევა:

"ლარის კურსზე საუბარი მაშინ ახსენდებათ, როდესაც გაუფასურებას იწყებს და მიზეზებს ეძებენ იმაში, თუ რა მოხდა იმ დღეებში. ზოგი ამას ტურისტების შემცირებას აბრალებს, ზოგი დოლარის გლობალურ გამყარებას, ზოგი მეზობელ სახელმწიფოებში იწყებს ძიებას, ხომ არ გამყარდა, ან დასუსტდა თურქული ლირა და ა.შ. ზოგიც შეთქმულების თეორიებს იყენებს, რომ კომერციული ბანკები რაღაცას სპეკულირებენ. ეს ყველაფერი არის არასერიოზული. არავითარი კავშირი ამას ლარის გაუფასურების მიზეზებთან არ აქვს. როგრც წესი, ვალუტა უფასურდება არა ორ დღეში და ერთ თვეში, თუმცა ასეთი შემთხვევებიც შეიძლება იყო, როდესაც რაღაც ბირჟაზე სწრაფი მოთხოვნა აქვს რომელიმე კლიენტს კომერციული ბანკისას, მაგრამ როგორც წესი ამას ეროვნული ბანკი ხედავს... არაერთხელ გაგვიფრთხილებია ჩვენ მთავრობაც, ეროვნული ბანკიც. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეიფორიაში იმყოფებოდა მთავრობა და აცხადებდა ზაფხულში, როდესაც ლარმა გამყარება დაიწყო, რომ უკვე სამუდამოდ ეშველა ლარს და ბიუჯეტიც კი დაგეგმეს 2,5 ლარზე დოლართან მიმართებაში. ზუსტად მაშინ გავაფრთხილეთ ჩვენ, რომ ლარი აუცილებლად გაუფასურდებოდა, თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდებოდა. ეს არის იაფი ფულის პოლიტიკა, ეკონომიკის სტიმულირება ფულის მეშვეობით. ახლა ამაყობენ 4, 9%-აო, თუმცა დიდი არაფერი, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ამ შედეგს შთანთქავს ლარის გაუფასურების ნეგატიური მხარე, ისევე როგორც ფასების ზრდის, ამიტომ რაღაცა სიკეთე, რომელიც მოყვება ეკონომიკურ ზრდას, ამ სიკეთის გამანეიტრალებელი არის ვალუტის გაუფასურება და ფასების ზრდა, რომელიც საბოლოო ჯამში სიღარიბის ზრდაში გამოიხატება და არა ეკონომიკის განვითარებაში. მიზეზი არის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა.

არჩევნების დროს ლარი არასდროს არ გაუფასურებულა იმ ცხრა წლის განმავლობაში და საკმაოდ იხარჯებოდა მაშინაც ფული, მაგრამ შემოდგომაზე არასდროს გაუფასურებულა ლარი , თუ არ ჩავთვლით ერთ წელიწადს, რომელიც 2008 წლის შემდგომი იყო, რუსეთთან ომის შემდეგ. ამიტომ პირიქით, როცა წინასაახალწლო რაღაცეებს აბრალებენ, ლარი დეკემბერში უფრო მყარდებოდა, ვიდრე დაუშვათ ეს იყო იანვარ-თებერვალში.

ტრადიციულად ერთ ერთი მთავარი მიზეზია ბიუჯეტის არათანმიმდევრული ხარჯვაც და მთავრობის უგუნური გადაწყვეტილება, როდესაც კომერციულ ბანკებს ასესხა 500 მილიონი ლარი 5 ივლისიდან მოყოლებული დღემდე. ეს იყო წარმოუდგენელი ავანტურა. ასევე ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა რეფინანსირების სესხები. თუკი წინათ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აკრედიტებდა მოკლევადიანი, ე.წ. ლიკვიდობის პრობლემების მოსაგვარებლად, ანუ ერთკვირიან სესხებს აძლევდა, ამ გალარების გაუაზრებელი კამპანიის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების რეფინანსირების ახალი ინსტრუმენტი შემოიღო, ერთთვიანი სესხები და 400 მილიონით გაზარდა რეფინანსირების სესხი და დღეს 1,7 მილიარდი ლარია, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია.

ერთ ერთი ილუზიაა, რომ როდესაც ლარი ზემოთ მიდის და შემდეგ ელოდებიან, რომ ქვემოთ წამოვა და მერე ზაფხულში თავის ნიშნულს დაუბრუნდება. თუ მთავრობამ არ იღონა პირველი რიგში ის, რომ 2018 წლის ბიუჯეტი არ შეცვალა და ახლა წარმოდგენილი ბიუჯეტი არის ცუდი, ეს არ იძლევა ლარის გამყარების შესაძლებლობას. მთავრობამ უნდა გადახედოს თავის საბიუჯეტო პოლიტიკას",- განაცხადა რომან გოცირიძემ "პირველ რადიოსთან" საუბრისას.





გაზიარება და მოწონება