„იწყება უკვე პანიკა. ისეთი პანიკა, რომლის შეჩერება ეროვნული ბანკის ინტერვენციით იქნება შეუძლებელი“
2017-10-31 00:13:53 · ამობეჭდვა

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას რამდენიმე მიზეზით ხსნის ექსპერტი გია ხუხაშვილი. მათ შორისაა ზაფხულის ტურისტული სეზონისა და არჩევნების დასრულება. "პირველ რადიოსთან" საუბარში ხუხაშვილი ამბობს, რომ მთავარია მდგომარეობა იმ კრიტიკულ ზღვრამდე არ მივიდეს, როდესაც ჩნდება სუბიექტური ფაქტორები ჩნდება. ისეთი, როგორიც არის ლარის "ისტერიული" გადახურდავება. ხუხაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში დაიწყება პანიკა, რომლის შეჩერება შეუძლებელი იქნება:

"ყველა მიზეზის კონცენტრირება ხდება. სეზონურიც არის რა თქმა უნდა. ჩვენ შეგუებულები ვართ , რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ეკონომიის რეალური სექტორი არ არსებობს, შესაბამისად ვალუტა მუდმივად არის დეფიციტური და ყოველთვის ბალანსდება ზაფხულში ტურისტებით და საახალწლოდ ინდაურებით. ეს ორი პერიოდია, როდესაც შედარებით დაბალანსებულია მოთხოვნა-მიწოდება. დანარჩენ პერიოდებში, ესეთი რისკები, რომ უცბად დაიწყოს რყევა, არის მაღალი. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ არჩევნების წინ გასაგებია, რომ ხელისუფლება თვლიდა, რომ მისთვის არასახარბიელო იქნებოდა ვალუტის ვარდნა, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, ხელოვნურად აკავებდა ვალუტის კურსს, არჩევნების შემდგ კი როდესაც ეს პოლიტიკური რისკი უკანა პლანზე გადავიდა, მიუშვა ვალუტა და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, უკვე ისეთი ტენდენცია წავიდა, რომ ახლოს ვართ იმ კრიტიკულ ზღვართან, რომლის იქითაც შეიძლება გაჩნდეს სუბიექტური რისკები, რაც ყველაზე სახიფათოა. ახლა რაღაც პერიოდში მიაღწევს წონასწორობას, იმედია, მაგრამ ეს კი არ არის საშიში, საშიში არის ის, რომ უკვე სუბიექტური ელემენტები შემოდის. როდესაც ყოველდღიურად ხდება 2-3 თეთრით მატება და ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ეს იწვევს სუბიექტურ ზრდას. ანუ, ადამიანებს ვისაც აქვს ლარი, ისტერიულად იწყებენ ფულის გადახურდავებას და ამ მოთხოვნა-მიწოდების დეფიციტი კიდევ უფრო იზრდება. ეს არის სუბიექტური ფაქტორები. ჩვენ უკვე ამ კრიტიკულ წერტილს ვუახლოვდებით. იქ იწყება უკვე პანიკა. ისეთი პანიკა, რომლის შეჩერება ეროვნული ბანკის ინტერვენციით იქნება შეუძლებელი. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ეს ყველაფერი გაჩერდება. თუ არ გაჩერდება, მერე შეიძლება კიდევ უფრო პრობლემატური გახდეს ეს ყველაფერი " აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, ქვეყანაში მაღალია ინფლაცია, რაც დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რომ ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული და ეროვნული ვალუტის კურსის დაცემასთან ერთად, სამოხმარებლო კალათაც მძიმდება:

"ინფლაცია ისედაც მაღალია ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რას გვეუბნებიან. ჩვენი სამომხმარებლო კალათა დიდწილად იმპორტით ფორმირდება, სამწუხაროდ ჩვენ ჩამოვყალიბდით იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად და თვითკმარობის ნიშან-წყალი არ გვცხია. ბუნებრივია, თუ შენი სამომხმარებლო კალათა იმპორტით ფორმირდება და კურსი ეცემა შენი ვალუტის, შესაბამისად სამომხმარებლო კალათა მძიმდება , მისი თვითღირებულება იზრდება და ფასებიც იზრდება, რაც ინფლაციას იწვევს. ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვია. ინფლაციასთან ბრძოლის უნივერსალური და ეფექტური მექანიზმი არის თვითკმარობა. ჩვენ რომ ვაწარმოებდეთ სამომხმარებლო კალათს საქართველოში, იქნებოდა შემარბილებლი ბალიში, მაგრამ ეს ბალიში არ არსებობს. " განაცხადა გია ხუხაშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბარში.





გაზიარება და მოწონება