როდესაც დეპუტატები სვამენ კითხვებს და ამ კითხვებზე ისინი ვერ იღებენ პასუხებს - კობახიძე
2017-10-13 13:27:10 · ამობეჭდვა

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატები დასმულ კითხვებზე პასუხს ვერ იღებენ, ეს განცადება კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც რეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საკონსტიტუციო პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

„მაგალითად, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დასვა კითხვა, ბატონმა გია გაჩეჩილაძემ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ და მათ კითხვებს პასუხები არ გაეცა. ეს სამწუხარო პრაქტიკაა. აქ საუბარი იყო საერთაშორისო ორგანიზაციებზე და სამწუხაროდ, არასწორად იქნა ციტირებული შესაბამისი დასკვნები. საუბარი იყო ევროკავშირზე და ვენეციის კომისიაზე. ევროკავშირის დასკვნას წაგიკითხავთ: „ევროკავშირის წარმომადგენლობა იზიარებს ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას“. იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ნდობა საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, საჭიროა სწორად ციტირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ”ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო დაერწმუნებინა ვერც ვენეციის კომისია, ვერც ევროკავშირი და ვერც NDI, რომ კოალიციაში შემავალი 5 პარტია დამოუკიდებელი სუბიექტები არიან.

”მხოლოდ ჩვენი შენიშვნა არ არის, რომ ეს არის ერთპარტიული დოკუმენტი. რატომღაც თქვენ ვერ შეძელით დაგერწმუნებინათ ვერც ვენეციის კომისია, ვერც ევროკავშირი, ვერც NDI, რომ ის ხუთი პარტია, რომელიც არის თქვენთან გაერთიანებული და რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ თქვენს პარტიულ სიაში არჩევნებზე, დამოუკიდებელი სუბიექტები არიან. ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, თქვენ დაგჭირდებათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის დარწმუნება, რომ ეს არ არის ერთპარტიული კუთვნილების დოკუმენტი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში აღარ დარჩა სასუნთქი ჰაერი, ტროტუარები, აღარ არის პარკები, სადაც დედები გაიყვანენ შვილებს ჰაერზე, უზარმაზარი კამპანიაა ატეხილი, რომ ხალხი იხრჩობა, მე პირველი ვიქნებოდი, ვინც მხარს დაუჭერდა იმას, რომ ”მწვანეთა პარტია” ყოფილიყო ნამდვილი პარტია, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის”, - განაცხადა ანა დოლიძემ.





გაზიარება და მოწონება