"საქართველოს ექნება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც არ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის"
2017-10-13 11:42:18 · ამობეჭდვა

ახალ კონსტიტუციას უკვე აქვს მაღალი ლეგიტიმაცია - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. თალაკვაძის თქმით, დღეს, მას შემდეგ რაც მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, კონსტიტუცია დაუბრუნდება ხალხს და ეს იქნება კონსტიტუცია, რომელიც თითოეულ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საზოგადოების, ხუთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა და ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნა.

„ამ კონსტიტუციას უკვე აქვს მაღალი ლეგიტიმაცია, ვინაიდან მას მხარი დაუჭირა პარლამენტში ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ და პოლიტიკურმა სუბიექტმა. ასევე, ამ კონსტიტუციას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნა, სადაც პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ კონსტიტუცია არის პროგრესული და ემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. დღეს პრაქტიკულად ვასრულებთ საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობას. უკვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექნება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც არ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, რომელიმე ხელისუფლების ინტერესებზე მორგებული“,- განაცხადა თალაკვაძემ.





გაზიარება და მოწონება