ივანიშვილის მიწის ნაკვეთი ნაძღაიძის მიწის ნაკვეთის ბედს გაიზიარებს?
2017-10-13 00:09:00 · ამობეჭდვა

„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ დედაქალაქის საკრებულომ გასხვისების წესი დაარღვია. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ქალაქის ცენტრში მიწების გადაცემას. ამ საკითხთან დაკავშირებით, პარტიამ პროკურატურასაც მიმართა სარჩელით, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ორგანოს იმედი არ აქვთ:

„რომ გითხრათ, რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა რაღაცას იზამს, მოგატყუებთ. ესეთი პრეცედენტები გვქონდა ჩვენ. მაგალითად მოსამართლე ნაზღაიძის საკითხი გადაცემულ მიწის ნაკვეთის საქმეზე. სარჩელი შევიტანეთ პროკურატურაში ჩვენც, საკრებულოს დეპუტატებმაც და პარლამენტის ჩვენმა დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ, მაგრამ რეაგირება ნოლი იყო. თუმცა, ჩვენ თავი ჩავთვალეთ ვალდებულად, რომ პროკურატურისათვის გვეცნობებინა ის უხეში კანონდარღვევა , რომელიც დაფიქსირდა საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების წინ. მოვუწოდებთ პროკურატურას, რომ გააფრთხილოს საჯარო რეესტრი და საჯარო რეესტრსაც მოვუწოდებთ, რომ თუ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდება კომპანიასთან, იგი არ დაარეგისტრიროს". განუცხადა „პირველ რადიოს“ ევროპული საქართველოს“ წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა მამუკა ახვლედიანმა.

"ევროპულ საქართველოში" განმარტავენ, რომ პუშკინის სკვერთან მუნიციპალური მიწის გასხვისებას საკრებულოს სულ მცირე 34 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ 29 დეპუტატმა მიიღო.

მამუკა ახვლედიანის განცხადებით, პარალელურად, საკრებულოს ყველა ოპოზიციური ფრაქცია ერთიან სარჩელს ამზადებს და სასმართლოში შეტანას გეგმავს. მოთხოვნა იქნება, ბათილად იქნას ცნობილი საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის თაობაზე.





გაზიარება და მოწონება