„კალაძე „ოცნებისგან“ დამოუკიდებელ ალტერნატიულ გუნდს ქმნის“
2017-10-13 00:03:40 · ამობეჭდვა

ბოლო დროს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მთავრობის გადახალისება მოხდება და შესაძლებელია პრემიერი კვირიკაშვილიც გადადგეს, იურისტი ვალერი გელბახიანი უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ის ამბობს, რომ ძირეული ცვლილებები დაახლოებით წელიწადნახევარში დაიწყება, როდესაც კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად მოძლიერდება და „ქართულ ოცნებას“ მისი სახით სერიოზული კონკურენტი გაუჩნდება. თუმცა მანამდე, გელბახიანი ქვეყანაში არც პოლიტიკურ კრიზისს გამორიცხავს, რომელიც მისი თქმით, დიდწილად მიხეილ სააკაშვილზე და უკრაინაში მის მომავალზე იქნება დამოკიდებული:

"პოლიტიკურად არაფერს არ იძლევა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მთავრობის შეცვლა. ეს საკითხი დადგება 2018 წლის ბოლოს, ან 2019 წლის გაზაფხულზე, რომ საარჩევნო წელი იყოს განახლებული. წელიწადნახევარში მოვა ამისი დრო, თუ მანამადე პოლიტიკურმა კრიზისმა არ იჩინა თავი. კალაძის ნაბიჯი მერობისკენ უკვე არის წმინდა წყლის პოლიტიკური განაცხადი. კალაძე „ოცნებისგან“ დამოუკიდებელ ალტერნატიულ გუნდს ქმნის და ეს უკვე ჩანს - პარლამენტშიც უკვე ყავს ძალიან სერიოზული კორპუსი და საკრებულოშიც იგივე ეყოლება. კალაძე აწყობს ახალ პოლიტიკურ კონსტრუქციას ახალი პოლიტიკური ძალისას და ეს ერთ წელიწადში აუცილებლად გადაიქცევა სერიოზულ ალტერნატიულ ძალად ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. მაგრამ, პოლიტიკურ კრიზისს ეს გუნდი არ შექმნის. ეს უფრო დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს სააკაშვილი უკრაინაში გახდეს ერთპიროვნული ლიდერი პოლიტიკური მოვლენების, თუ ეს შეძლო, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ამას გაგრძელება ექნება საქართველოში და აუცილებლად წარმოშობს ახალ პოლიტიკურ კრიზისებს“ - განუცხადა ვალერი გელბახიანმა „პირველ რადიოს“.





გაზიარება და მოწონება