საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია - აპატურაი
2017-10-12 16:38:47 · ამობეჭდვა

როგორც ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რეფორმების მიმართულება, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

”ქართველ ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო ავღანეთში გაწეული წვლილისთვის, რომელიც, როგორც მინისტრმა დამარწმუნა, გაგრძელდება. ასევე, მინდა თანაგრძნობა გამოვხატო იმ ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც დაშავდნენ ან დაიღუპნენ. ჩვენ მადლობელი ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველომ თავდაცვის ფუნდამენტური რეფორმა ჩაატარა, რომელსაც უძღვებოდა მინისტრი ლევან იზორია. ეს წარმატებული რეფორმაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ასევე გვაქვს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი და წვრთნები. ეს ის არის, რაზეც ვმუშაობთ. მე ყოველთვის ვამბობ - ”მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში”. საქართველოში ყოველი ვიზიტისას ეს უფრო და უფრო შეესაბამება სიმართლეს. მე შევხვდი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ასევე განვიხილეთ შიდაპოლიტიკური საკითხები. საქართველოს შიდა პოლიტიკა ყოველთვის საინტერესოა. როგორც ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რეფორმების მიმართულება, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია”, - განაცხადა აპატურაიმ.





გაზიარება და მოწონება