„ერთ ლარად მიტაცებული ქონება უკან დაუბრუნდება ხალხს - თაბორის მთა, იპოდრომი, ლაგუნა ვერე, პუშკინის სკვერი“
2017-10-11 00:20:33 · ამობეჭდვა

როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, ერთ ლარად მიტაცებული ქონება ხალხს უკან დაუბრუნდება - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა. გუგავა "პირველ რადიოსთან" საუბარში საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს და ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ერთადერთი გამოსავალი 21 ოქტომბერს, არჩევნებზე ხალხის გადაწყვეტილებაა. გუგავას თქმით, პროტესტი უნდა იყოს საზოგადოების და არა ინდივიდუალური პარტიების:

"ობიექტური შეფასება მივცეთ. იგივე ბიძინა ივანიშვილს წინა მერის, უგულავას მმართველობის პირობებში ასევე გადასცეს 7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მანდ. ასევე გადასცეს თავის დროზე იპოდრომი, ლაგუნა ვერე და ა.შ. მადა ჭამაში მოდისო და ამანაც გააგრძელა ესე ერთ ლარად მთელი თბილისის ოკუპირება. პროტესტი უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, პროტესტი უნდა იყოს საზოგადოების 21 ოქტომბერს. ამას ინდივიდუალური პარტიები ვერ გადაწყვეტენ. ჩვენ როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, თუ გვექნება საზოგადოების მხარდაჭერა, ერთ ლარად მიტაცებული ქონება უკან დაუბრუნდება ხალხს - თაბორის მთა, იპოდრომი, ლაგუნა ვერე, პუშკინის სკვერი. ეს არის გამოსავალი. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ცალკეული პროტესტებით წინ ვერ წაიწევენ. 21-მა ოქტომბერმა უნდა გადაწყვიტოს, სხვა ეფექტური საშუალება ამ მაფიოზის, ოლიგარქის წინააღმდეგ არ არსებობს და ეს ვერდიქტი უნდა გამოიტანოს ხალხმა" განაცხადა გუგავამ "პირველ რადიოსთან" საუბარში.





გაზიარება და მოწონება