ჩინეთი საქართველოს სამ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორის შედის - გიორგი კვირიკაშვილი
2017-09-30 12:42:54 · ამობეჭდვა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერმინისტრი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრა და იმ პოტენციალს გაუსვა ხაზი, რაც საქართველოსა და ჩინეთს სავაჭრო, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული კუთხით გააჩნიათ.
,,ჩვენ მრავალი მიმართულებით უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ, თუმცა, წინ კიდევ უამრავი შესაძლებლობა გველის, რაც, დიდწილად უკავშირდება ჩინეთის პრეზიდენტის ბატონი სი ძინპინის ინიციატივას “ერთი სარტყლი-ერთი გზა”. განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის ხელშეკრულება, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მოეწერა ხელი, ეს არის ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის და მნიშვნელოვნად გააღრმავებს ჩვენს შორის თანამშრომლობას“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჩინეთი საქართველოს სამ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმსხვილესი ინვესტორია. ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, კი ჩინეთი გასაღების მეორე ბაზარს წარმოადგენს, დინამიკა კი მზარდია. მისივე თქმით, საქართველო ღიაა ჩინური ინვესტიციების, ბიზნეს იდეებისა და ინოვაციებისათვის.
,,საქართველოს ხელისუფლების მაღალ პრიორიტეტებს შორისაა ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება და პროექტ ,,ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ფარგლებში ჩვენი ერთიანი ხედვის ხორცშესხმა. 2015 წელს, ჩვენმა მთავრობამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს” წარმატებით უმასპინძლა და დიდი სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ წელს, 28-29 ნოემბერს, თბილისი უმასპინძლებს “ერთი სარტყლის, ერთი გზის” მეორე ფორუმს”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
მისივე თქმით, საქართველო მზადაა, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი და მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან კიდევ უფრო განავითაროს ურთიერთობა და სრულად აითვისოს არსებული პოტენციალი.





გაზიარება და მოწონება