„საბიუჯეტო ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება“ - შეძლებს თუ არა მთავრობა ლარის გაუფასურების შეჩერებას
2017-09-06 00:08:31 · ამობეჭდვა

,,საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. როგორც მან პირველ რადიოსთან საუბრისას განაცხადა , შესაძლოა ლარის გაუფასურების მიზეზი სეზონური ფაქტორები იყოს. ,,ამ ეტაპზე ლარის გაუფასურების მიზეზი სეზონური ფაქტორია. ბოლო რამდენიმე წელია აგვისტოს ბოლოდან და სექტემბრის დასაწყისიდან იწყება ლარის გაუფასურება. ამის მოლოდინი ჰქონდათ თავად ბაზრის მონაწილეებს. არ არის გამორიცხული ,რომ ამ მოლოდინის გამო ისინი დიდი რაიოდენობით ვალუტის აკუმულირებას ახდენენ. შესაძლებელია დაკავშირებული იყოს აქტიური ტურისტული სეზონის დასრულებასთან. ეს მკვეთრი გაუარესება ხდება ხოლმე აჟიოტაჟის შედეგად და ეს აჟიოტაჟი იწვევს ხოლმე ლარის მკვეთრ გაუფასურებას. ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და სეზონური ფაქტორები მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ და ლარის კურსი ისეთი სტაბილური შევინარჩუნოთ, როგორიც იყო გაზაფხულიდან მოყოლებული. ეს არის კარგი ბიზნესისა და ეკონომიკისთვის,როცა არ ხდება ლარის მერყეობა,“-ამბობს კეპულაძე ,,პირველ რადიოსთან“. მისი თქმით, ლარის გაუფასურების მიზეზი შესაძლოა იყოს წინასაარჩევნოდ ან პერმანენტული ხანძრების გამო საბიუჯეტო ხარჯები. კეპულაძე ამბობს, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე საბიუჯეტო ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება,თუმცა ხელისუფლებამ ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა შეძლოს ამ ხარჯების დასტაბილურება. ,,სტატისტიკური ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური ფაქტორი, ხელისუფლებას ხარჯი მოუწია ხანძრების გამო. ესეც არის ფაქტორი. მიუხედავად ყველაფრისა მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ახერხებდეს დასტაბილურებას თუ არ არის ეს ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული. საბიუჯეტო ხარჯები თავისთავად გაიზრდება მომდევნო ორ თვეში. სასურველია, რომ ამან არ მოახდინოს გავლენა ლარის გაცვლით კურსზე და მთავრობამ დაბალანსებულად ხარჯოს ბიუჯეტიდან თანხები,“-ამბობს კეპულაძე ,,პირველ რადიოსთან" საუბრისას.





გაზიარება და მოწონება