2017-08-22 13:14:58
ვინ გაუშვა ქართველი მოსწავლეები ყირიმში - განათლების სამინისტროს პოზიცია და სკოლის პასუხი

ქართველი მოსწავლეების ოკუპირებულ ყირიმში გამგზავრებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უწყების ცნობით,  სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, შეისწავლის, იყო თუ არა ეს მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, თუ მიზანმიმართული ქმედება:

„სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ. ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ურყევია და ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მოვუწოდებთ ყველა სკოლის ადმინიატრაციას და მასწავლებელს, მომავალში მიიღონ მეტი ინფორმაცია და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი. ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, რა დროსაც მათ განემარტათ მომხდარი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შეისწავლის, იყო თუ არა ეს მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება თუ მიზანმიმართული ქმედება“, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "პირველი რადიო" 166-ე საჯარო სკოლას დაუკავშირდა, სადაც "სპუტნიკის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს:

ჩვენი სკოლის არც მასწავლებლები არიან და არც ნამდვილად წერია 166-ე სკოლა, მაგრამ ესენი არ არიან ჩვენი სკოლის მოსწავლეები და არც მასწავლებელი. მე რესურს ცენტრი ჩავაყენე საქმის კურსში, იქიდან პასუხი ჯერჯერობით არ ვიცი. მათ მასწავლებელთა ბაზაც აქვთ და მოსწავლეთა ბაზაც. " განუცხადა "პირველ რადიოს" სკოლის დირექტორის მოადგილემ მაია კაკაურიძემ.

სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციითთბილისის 166-ე საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე რუსული ენის გასაუმჯობესებლად ყირიმში, „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრა. სკოლის მოსწავლეებისათვის და პედაგოგებისთვის პირველი საერთაშორისო გაცვლა რუსულ ენაში „არტეკში“ 7 აგვისტოდან 27 აგვისტომდე ტარდება. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორია რუსული ენის საბჭო, რომელიც რუსეთის მთავრობის ფარგლებში ფუნქციონირებს. 

ამავე თემაზე