2017-07-30 11:10:18
ნატოს მრავალეროვნული სწავლება - ღირსეული პარტნიორი 2017 იწყება

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დღეს მრავალეროვნული სწავლება ღირსეული პარტნიორი 2017 ოფიციალურად გაიხსნება. 

სწავლება საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება და სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის ამაღლებას, ნატო-ს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის გაზრდასა და NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. 

როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა - საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა მიიღებს მონაწილეობას. 

ამასთან, სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. 

პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი  ბოქსერი ჩაერთვება. წარმოდგენილი იქნება ასევე, ამერიკული ტანკები აბრამსები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები ბრედლი და სტრაიკერი, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.

სწავლება ღირსეული პარტნიორი 2017 ხვალიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება. 

ამავე თემაზე