„ღირსეული პარტნიორი" 2017 იწყება - სამხედრო ტექნიკა უკვე საქართველოშია (ფოტო)
2017-07-24 13:23:34 · ამობეჭდვა

„ღირსეული პარტნიორი 2017“ ოფიციალურად 30 ივლისს ვაზიანის აეროდრომზე გაიხსნება და სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებები SABER GUARDIAN 2017 ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში, ხოლო SEE BREEZE- უკრაინაში. ამ სწავლებების გაგრძელებაა NOBLE PARTNER 2017.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება და მიზნად სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას ისახავს. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში, მათ შორის აერომობილური ელემენტების გამოყენებასაც.

სცენარი განკუთვნილია ბრიგადისა და უფრო დაბალი (ოცეულის ჩათვლით) დონის ქვედანაყოფებისთვისთავდაცვითი და შეტევითი ოპერაციებისას გადაწყვეტილების მისაღებად მართვისა და კონტროლის სავარჯიშოებისთვის. „ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა, მასშტაბები გაიზარდა და წელს მასში ნატოს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობს - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი და საქართველო. სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“ ჩაერთვება.

წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე, ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და „სტრაიკერი“, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.











გაზიარება და მოწონება