2017-06-19 10:27:11
წაშლილი და დამონტაჟებული კადრები - სკანდალური ფაქტები აფგან მუხთარლის საქმეზე(ვიდეო)

აფგან მუხთარლის გაუჩინარების დღე, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები საქმის ირგვლივ კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს. გადაცემა P.S.  იმ მარშრუტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს, რომლითაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მისი გაუჩინარების დღეს გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი დაწესებულების ჩანაწერებში, რომლებზეც, აფგან მუხთარლის მიერ აღწერილი ფაქტები უნდა ყოფილიყო ასახული, ჩანს, რომ 19:09 საათიდან დრო 19:05-ზე გადადის და სრულიად განსხვავებული კადრით იცვლება. კონფიდენციალური ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტის გადაადგილების ამსახველი კადრები ვიღაცამ განგებ ჩაანაცვლა. კონფიდენციალური წყარო ერთ-ერთი დაწესებულების ვიდეოდან მთელი კვირის მასალის გაქრობაზეც საუბრობს.

სიუჟეტის ავტორი ჰყვება, რომ გადამღებმა ჯგუფმა ის ვიდეო ჩანაწერიც მოიპოვა, სადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მონაყოლის მიხედვით, ის მანქანა უნდა გამოჩენილიყო, რომლიდანაც, აფგან მუხთარლის თქმით, მისი გამტაცებლები გადმოვიდნენ. თუმცა გადამღებ ჯგუფს მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლებმა შეაწყვეტინეს და ჩამწერ მოწყობილობას ლეპტოპი შეუერთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ, ობიექტის მფლობელებმა ჩანაწერების ნახვის საშუალება „პოსტსკრიპტუმს" არ მისცეს.

ამავე თემაზე