"ნომინალური პრემიერ-მინისტრი" - რატომ დუმს კვირიკაშვილი: ფარცხალაძის საქმეზე"?
2017-05-20 00:05:06 · ამობეჭდვა

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის დუმილს ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს არსებულ ეჭვებს. ხუხაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ მინისტრი ვალდებულებას უნდა გრძნობდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, კვირიკაშვილი თვლის, რომ მომხდარი მის კომპეტენციას სცდება. ხუხაშვილის განცხადებით, პრემიერის კომპეტენცია განსაზღვრულია რაღაც არაფორმალური შეთანხმებით და არა კანონით:

"ეს ნიშნავს ერთადერთ რაღაცას, რომ გვყავს არა ფუნქციონალური, არამედ ნომინალური პრემიერ მინისტრი. სხვა პასუხი ამაზე არ არსებობს. ის თვითონ ადასტურებს იმ ეჭვებს, რაც არსებობს ამასთან დაკავშირებით და იმაზეც კი არ იწუხებს თავს, რომ თუნდაც ფორმალური სტატუსიდან გამომდინარე, რაღაცა მაინც თქვას. ესეც აღარ მიაჩნია მნიშვნელოვნად და შეგუებულია იმ მდგომარეობას, რაზეც სამწუხაროდ სერიოზული ეჭვები არსებობს. ის თვლის, რომ ეს მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება და ესაა ყველაზე დრამატული.

გარდა მენეჯმენტისა, მისი ერთ-ერთი ფუნქციაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მის ვერტიკალში თავი დაცულად იგრძნონ. და ის არის ამის გარანტი პირველ რიგში. მაგრამ ის ამას არ აჩვენებს და არათუ გარანტის როლში არ გამოდის, არამედ საერთოდ რაიმე შეხება, ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ აქვს ამასთან, ამის იმიტაციასაც კი არ ცდილობს. კვირიკაშვილი თვლის, რომ ეს მისი საქმე არ არის და ესე, რომ თვლის ეს არის ზუსტად პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს იძიებს შსს, მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩართული არიან სხვა ინსტიტუტები, რომლები პირდაპირ ან ირიბად მასთან ანგარიშვალდებულები არიან, ის მაინც თვლის, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის. ის თავის კომპეტენციას უყურებს არა კონსტიტუციიდან გამომდინარე, არამედ მისი საკუთარი არაფორმალური სტატუსიდან გამომდინარე. რომელიც როგოც ჩანს არის ბევრად უფრო დაბალი , ვიდრე ეს წერია კანონში და აწერია მის კაბინეტს. რეალურად, მისი როგორც პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია განსაზღვრულია არა კანონით და შესაბამისად მისი ვალდებულებებით, არამედ განსაზღვრულია რაღაც არაფორმალური შეთანხმებით - რომ ეს გეხება და ამას თავი გაანებე და ზედმეტი არ ილაპარაკო" განაცხადა გია ხუხაშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბარში.







გაზიარება და მოწონება