დეპუტატის შვილის ავარიის საქმეს პროკურატურა იძიებს - რა მოხდა გორის გვირაბთან?
2017-05-19 16:40:53 · ამობეჭდვა

17 მაისს, გორის გვირაბთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას პროკურატურა იძიებს. საქმე შსს-ს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო ორგანოდან ზედამხედველმა პროკურატურამ გაითხოვა. პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება სსსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიება იმ ფაქტს ეხება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სხვა დეტალებს პროკურატურა არ ახმაურებს.

რა მოხდა გორი გვირაბთან და რამ გამოიწვია დეპუტატის შვილის, 21- წლის ბექა ხახუბიას გარდაცვალება? ამასთან დაკავშირებით, რეფორმების ცენტრის წარმომადგენელი და ყოფილი პოლიციელი ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა საპატრულო პოლიციის უკანონო ქმედებამ გამოიწვია. მისი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალ მანქანას წინ ტრაილერი სპეციალურად დაუყენეს.
ზვიად კუპრავა წერს:

,,ბექა ხახუბია ა|მანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც მას დაახლოებით გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. რომელმაც, მძღოლს ა|მანქანის გაჩერება მოსთხოვა.
ბექა ხახუბია, ვინაიდან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშით, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას და დასხლტომის მიზნით, გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით.
ხაშურთან, ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა ა|მანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო.
ამ დროს, გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო ა|მანქანა და მოახდინეს გორის გვირაბის გასასვლელის ჩახერგვა.
დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. სამწუხაროდ,საპატრულო პოლიციის უკენონო ქმედების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა."

კუპრავა აღნიშნავს, რომ პოლიციელებს ,,ზღარბი პოლიციელებით" უნდა მოეხდინათ ურჩი მძღოლის შეჩერება.
,,საპატრულო პოლიცია თანხის დაზოგვის მიზნით არ არის აღჭურვილი ,,ზღარბი პოლიციელებით", რომელიც უსაფრთხოდ და უვნებლად, საბურავების ჩაფუშვის ხარჯზე შეიძლება ა|მანქანის გაჩერება და დამრღვევ ა|მანქანებს, სრულიად უკანონოდ და აქამდე უპრეცედენტოდ, ტრაილერებით უკეტავენ გზას." - აღნიშნავს იგი.

BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც გარდაცვლილი მართავდა სავარაუდოდ გორის ავტოსადგომზეა. ფოტო, რომელსაც qartli.ge ავრცელებს, სადგომის გარეპერიმეტრიდანაა გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 17 მაისს, დილის საათებში, გამთენიისას პატრულის დევნის დროს, 21-წლის ბექა ხახუბია დაიღუპა.

წყარო: qartli.ge







გაზიარება და მოწონება