2017-05-02 12:14:46
გამწვანების კოეფიციენტი - თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი დედაქალაქია

გამწვანების კოეფიციენტის მიხედვით, თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი დედაქალაქია- ნათქვამია "ფლაგვის დეტექტორის" ინფორმაციაში, რომელიც factcheck.ge- ს მონაცემებს ეყრდნობა:

"დღეისთვის, ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 3 კვ. მეტრის მწვანე საფარი მოდის, რაც ქალაქისთვის რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. მერიის ინფორმაციით, ამ საკითხზე ინფორმაცია ბოლოს 2001 წელს განახლდა და მაშინ ეს ნიშნული 5.6 მ2 იყო. მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და მაჩვენებელი 3-4 კვ.მეტრამდე ჩამოვიდა.

საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი 35.5 მ2-ია. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) რეკომენდაციით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორიის რაოდენობა მინიმუმ 9 მ2 უნდა იყოს და ისინი ფეხით 15 წუთის სავალზე მდებარეობდეს.

გამწვანების კოეფიციენტი ერთ სულ მოსახლეზე სხვადასხვა ქალაქებში: ვენა - 120 კვ.მ, სტოკჰოლმი - 87.7 კვ.მ, ამსტერდამი - 45.5 კვ.მ, ლონდონი - 27 კვ.მ, სინგაპური - 66 კვ.მ, სტამბული - 6,4 კვ.მ.

ამ საკითხით დაინტერესებული პირებისა და ექსპერტების აზრით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არარსებობა და თბილისის მერიის უსისტემო პოლიტიკა, გაუარესებული მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. შეგახსენებთ რომ გამწვანების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი თბილისში 1983 დაფიქსირდა და 13 კვ.მ შეადგინა." ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე