თავდასხმა ხვედელიძეზე - ადვოკატების ახალი შუამდგომლობა
2017-04-21 15:56:11 · ამობეჭდვა

გელა ხვედელიძის თავდასმის საქმის გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს. ამ შინაარსის განცხადებას შს მინისტრის ყოიფლი მოადგილის ადვოკატები აკეთებენ და ამბობენ, რომ საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი უსარგებლო საგამოძიებო ღონისძებები და გამოძიებას დანაშაულის გახსნის სურვილი არ აქვს. "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ისაუბრეს. მათი თქმით, გამოძიება არც კი დაინტერესებულა ბარნოვის ქუჩაზე ახლომდებარე ობიექტების სათვალთვალო კამერების მონაცემებით, ისევე როგორც არ არის ამოღებული ახლოსმდებარე სატელეფონო ანძების მონაცემები.მათივე თქმით, დროის გასვლასთან ერთად, ნადგურდება დანაშაულის გახსნისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები,

გელა ხვედელიძის ადვოკატებმა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-3 განყოფილებას შუამდგომლობით მიმართეს და კონკრეტულად ის ობიექტები მიუთითეს, სადაც დამონტაჟებულია სათვალთავლო კამერები, რომელთა მონაცემებიც გამოძიებას თავდასხმის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებაში დაეხმარება.

"კონკრეტულად, წინასწარი მონაცემებით, გელა ხვედელიძეზე თავდამსხმელი ორი პირი ბარნოვის ქუჩის მხრიდან თარხნიშვილის ქუჩაზე გადაადგილდება, თავდასხმის მერე კი, გუდაურის ქუჩის გავლით, ისევ ბარნოვის ქუჩაზე გადის, სადაც მათ, სავარაუდოდ, ავტომანქანა ელოდებათ და ასე ტოვებენ შემთხვევის ადგილს" აცხადებენ ადვოკატები.

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე თავდასხმა 2017 წლის 3 აპრილს მის საცხოვრებელ სახლთან, თარხნიშვილის ქუჩაზე მოხდა. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.





გაზიარება და მოწონება