მინისტრების და გუბერნატორების ცვლილება - რა იციან საპარლამენტო უმრავლესობაში
2017-04-21 15:23:00 · ამობეჭდვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში მთავრობაში შესაძლოა საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ქუცნაშვილი თანამდებობებიდან გუბერნატორების შესაძლო გათავისუფლების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და მინისტრთა კაბინეტზეც გაამახვილა ყურადღება:

"ამას არ გამოვრიცხავ, რადგან პრემიერ-მინისტრი თავის კაბინეტს პერიოდულად უნდა აახლებდეს და ადამიანებს ადგილს უნდა უცვლიდეთ, რათა სუსტი ადგილები გამოსწორდეს, ხოლო ძლიერი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდეს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერ-მინისტრს ასეთი განზრახვა ჰქონდეს. მათ შორის არა მხოლოდ გუბერნატორების, არამედ მთავრობის ზოგიერთი წევრის მიმართაც. ამაში ლოგიკას და სისწორეს ვხედავ. მთავრობას, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს და მრჩევლებს განახლება გარკვეული პერიოდულობით სჭირდებათ. სამთავრობო ცვლილებებიც პარლამენტის მიღმა არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდულობით პრემიერ-მინისტრს სუსტი რგოლების გაძლიერების თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რაც პირველ რიგში საკადრო ცვლილებების მიღებაში გამოიხატება, რაც მისი გადასაწყვეტია სუსტად რომელ რგოლს მიიჩნევს და რომელს - ძლიერად“, - აცხადებს ქუცნაშვილი და ცვლილებებს გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში ვარაუდობს:

"ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენიმე მინისტრის პორტფელი განახლდა. არჩევნების დამთავრებიდან გასულია სულ რამდენიმე თვე. ვფიქრობ, რომ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში მოსალოდნელია მთელი რიგი ცვლილებები. პრემიერ-მინისტრს უფლება უნდა ჰქონდეს, რომ წელიწადში სულ მცირე ერთხელ სამთავრობო შემადგენლობა ნაწილობრივ მაინც განაახლოს იმისათვის, რომ სუსტი ნაწილები გაძლიერდეს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

წყარო "საზოგადოებრივი მაუწყებელი"







გაზიარება და მოწონება