ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა გადაიდო - "ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობაა
2017-04-21 14:56:52 · ამობეჭდვა

პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა აზრთა სხვადასხვაობის გამო გადაიდო.

„არასოდეს დამიმალავს ის, რაც სინამდვილეში ხდება. საკითხზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. საერთო წესზე ვთანხმდებით, რომ ნარკოპოლიტიკა ლიბერალური უნდა იყოს. მომხმარებლების მიმართ რამდენადაც ლიბერალური უნდა ვიყოთ, გამსაღებლების მიმართ ამდენად მკაცრები უნდა ვიყოთ. კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი დაადგინა და მთავრობამ ნარკოპოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო გაფართოებული მიდგომა შემოგვთავაზა, ვცდილობთ, რომ საერთო კონსენსუსი იყოს ჩამოყალიბებული და საკითხი სესიაზე ასე გავიტანოთ. ამის გადადება ამიტომ მოხდა. ვფიქრობთ, რომ კონსენსუსი მიღწევადია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით იყო დაგეგმილი და პროექტის წარდგენის მიზნით, ქუთაისში, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ჩავიდა, თუმცა განხილვა დღეს აღარ შედგება.

ცვლილებების მიხედვით, პირველი შემთხვევის დროს აღარ მოხდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება, ასევე იცვლება კანაფის დიდი ოდენობის და დიდი ოდენობის, ასევე მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება. კანაფის შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით. მარიხუანას შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით.







გაზიარება და მოწონება