არჩევანი მერი ნარმანიას სასარგებლოდ? - შიდა კვლევა და კალაძის საკითხი
2017-04-21 14:10:59 · ამობეჭდვა

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატებს - კალაძესა და ნარმანიას შორის სხვაობა დიდი არ არის, თუმცა ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი მოქმედ მერს მცირედით უსწრებს. ამ მცირედი სხვაობის გათვალისწინებით, პარტიაში მწიფდება აზრი, რომ ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატი არა კალაძე, არამედ ნარმანია იყოს. კულუარული ინფორმაციით, ნარმანიას სასარგებლოდ მუშაობს თავად ნარმანიას ფაქტორი, რომ მას არ აქვს პოლიტიკური ამბიცია და შესაძლოა მომავალში ის სრულფასოვან პოლიტიკურ ლიდერად არ ჩამოყალიბდეს. ინფორმაციის თანახმად, სწორედ ეს გარემოებები მოქმედებს კალაძის კანდიდატურის საწინააღმდეგოდ. პარტიული ელიტა თვლის, რომ კალაძე მომავალში შესაძლოა ცალკე პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდეს, მითუმეტეს, რომ მას მმართველი პარტიის დამაარსებელთან პირდაპირი ფინანსური ბმა არ აქვს და საკუთარი, დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები გააჩნია. კანდიდატებზე ჩამოყალიბების პორცესს ის გარემობაც "ართულებს", რომ ჯერ პარტიისთვის ბოლომდე არ არის ცნობილი ბიძინა ივანიშვილის განწყობა და გადაწყვეტილება. კულუარული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ყოფილი პრემიერი ნაკლებად ამბიციური კანდიდატის - ნარმანიას სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია მერის კანდიდატს სავარაუდოდ თვის ბოლოს დაასახელებს.





გაზიარება და მოწონება