შსს-ს მაღალჩინოსანი ხარშილაძის დაკავების ადგილზე - ვისი მანქანიდან გადმოიღეს ნარკოტიკი?- ახალი დეტალები
2017-04-21 12:32:12 · ამობეჭდვა

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით ახალ განცხადებას აკეთებს. კილაძის თქმით, იდენტიფიცირებულია შსს-ს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც მისი შვილის დაკავების ოპერაციას ხელმძღვანელობდა. კილაძე აცახდებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მხოლოდ 2 პოლიციელის- ზაქარია ვასაძის და ვალერი ჩიბირაშვილის ჩვენება დევს. ორივე მათაგნი ადასტურებს, რომ დავით ხარშილაძის დაკავების ადგილას ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ მხოლოდ ისინი და მათ თან ახლდათ გამომძიებელი ზურაბ ქუმელაშვილი. კილაძე აცხადებს, რომ დაკავების თვითმხილველი მოწმის, შორენა ლალიაშვილის მიერ გადაღებულ ფირზე რეალურად 12-ზე მეტი პოლიციელია.

ჟურნალისტი მისი შვილისთვის ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებაში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სამმართველოს უფროსს ადანაშაულებს. ჟურნალისტი ამბობს, რომ სწორედ რამაზ თარაშვილის მანქანიდან იქნა ამოღებული ორი შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც კილაძის მტკიცებით მის შვილს დაკავებისას ჩაუდეს.

„ჩემი შვილის სისხლის სამართლის საქმე შეკერილია, რეალურად მისი დაკავების ადგილას იმყოფებოდა არა ორი, არამედ გაცილებით მეტი ადამიანი, ჩვენი ძალებით მოვახერხეთ ფირზე აღბეჭდილი პოლიციელების იდენტიფიკაცია. ესენი არიან ალექსი კობაიძე, არჩილ ოქრუაშვილი, ალექსანდრე ჯაფოშვილი, მიხეილ ჩივიაშვილი, ამასთან შემთხვევის ადგილას კადრში ჩანს შს სამინისტროს მაღალჩნოსნის სამსახურებრივი ავტომანქანა, ამ ავტომანქანით დავით ხარშილაძის დაკავების ადგილას პირადად იმყოფებოდა შს სამინისტროს ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი რამაზ თარაშვილი, დავით ხარშილაძის ჩვენების მიხედვით,სწორედ ამ ავტომანქანიდან გადმოიღო ზაქარია ვასაძემ ის ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც მას ქურთუკის ჯიბეში ჩაუდეს. ჩემი ინფორმაციით, ის დაკითხულია ქ.თბილისის პროკურატურაში, ჩვენებაში ამბობს, რომ საქმე ჰქონდა თბილისის მერიაში და დაკავების ადგილას შეიარა. არადა ფირზე მკაფოდ ჩანს, რომ რამაზ თარაშვილი ბოლოს ტოვებს ჩვემი შვილის დაკავების ადგილს 16:40 წუთზე. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ჩემი შვილის წინააღმდეგ განხორციელდა სადამსჯელო სპეცოპერაცია,რომელსაც სოსო გოგაშვილის დავალებით რამაზ თარაშვილი ხელმძღვანელობდა, თარაშვილი სწორედ გოგაშვილის რეკომენდირებულია ამ თანამდებობაზე“- განაცხადა ელისო კილაძემ.







გაზიარება და მოწონება