"დედა-შვილი მოვკალი იმის გულისთვის, რომ გასვენებაში გამეშვა კაცი?" - ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ (ვიდეო)
2017-04-20 18:41:06 · ამობეჭდვა

ფონიჭალაში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულის სასმართლო განხილვა დასრულდა. ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ. თავად ბრალდეწბულმა კი დღევანდელ სასამრთლო პროცესზე ბრალდება უარყო:

„შევედი 5 ათასი ლარის ოქროულობა გამოვიტანე და გასვენებაში გელა მამფორიას ათასი ლარი დავახარჯე გზის ფულად? რისთვის წავედი, დედა-შვილი მოვკალი იმის გულისთვის, რომ გასვენებაში გამეშვა კაცი?“ - აცხადებს გიორგი ხაბელაშვილი.

ხაბელაშვილის ადვოკატის განცხადებით ხაბელაშვილმა აღიარებითი ჩვენება თავდაპირველად, წამების შედეგად მისცა, ახლა კი ის თავს დამნაშავედ არ თვლის:

„ხაბელაშვილი არ აღიარებს დანაშაულს. ხაბელაშვილმა, როდესაც მისგან აღიარებითი ჩვენება იძულებით, წამების შედეგად მიიღეს, როდესაც მას დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატი, უკვე აღკვეთის ღონისძიების დროს, ხაბელაშვილმა უარყო დანაშაული,“ - განაცხადა ადვოკატმა თამაზ კვახაძემ.

ბრალდების მხარე კი მკვლელობის სავარაუდო დეტალებს ყვება და მტკიცებულებებზე საუბრობს, რომლებიც მათი თქმით, ხაბელაშვილის ბრალეულობას ამტკიცებს. პროკურატურის პოზიციას იზიარებენ მოკლული დედა-შვილის ახლობლები და ხაბელაშვილისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.

არ არის გამორიცხული ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი დღესვე გამოიტანონ. თავდაპირველად მათ 4 საათიანი ვადა აქვთ. იმ შემთხვევაში თუ 12-ვე მსაჯული ვერ მიიღებს საერთო გადაწყვეტილებას, მათდამატებით 8 საათიანი ვადა მიეცემათ.

რაც შეეხება მკვლელობას. დანაშაული გასული წლის ზაფხულში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებულმა გიორგი ხაბელაშვილმა დედა-შვილს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.





გაზიარება და მოწონება