კილაძის შვილი საკნიდან ჩუმად გაიყვანეს - რა მოხდა სასამართლოზე?
2017-04-20 16:56:37 · ამობეჭდვა

დავით ხარშილაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ისე გაიყვანეს, რომ ამის შესახებ საქმის კურსში არც ერთი მისი ადვოკატი არ ყოფილა. "პირველ რადიოს" ამ თემასთან დაკავშირებით ხარშილაძის ერთ-ერთი ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე ესაუბრა და განუცხადა, რომ მოხდა კანონდარღვევა, რომელზეც ადვოკატები იმსჯელებენ და კანონით განსაზვღულ ზომებს მიიღებენ:

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ ვიყავით საქმის კურსში. დღეს ჩემი კოლეგა, დავით ხარშილაძის მეორე ადვოკატი ნათია კორკოტაძე იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულის მოსანახულებლად და იქინდა გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ გაყვანილი იყო ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებისთვის სასმართლოში. სამი ადვოკატი ვყავართ ხარშილაძეს და არც ერთი ადვოკატისთვის ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, ჩუმად გაიყვანეს საკნიდან იგივე გამომძიებელმა, რომელმაც უკანონოდ გაჩხრიკა და ნარკოტიკები ჩაუდო და დაკავა, მისი მოთხოვნით ფაქტიურად მოიპარეს ბრალდებული და წაიყვანეს სასამართლოზე. ისე, რომ სამი ადვოკატის ყოლის მიუხედავად, არც ერთ ადვოკატს არ შეგვატყობინეს." აცხადებს ჩუბინიძე.

რაც შეეხება დაჯარიმებას, როგორც ადვოკატი ამბობს, ხარშილაძის დაჯარიმება არ მომხდარა და სასამართლო პროცესი 4 მაისისთვის გადაიდო:

"რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, სასმართლო გადაიდო 4 მაისისთვის, ადმინისტრაციული დაჯარიმება არ მომხდარა. გადაიდო იმ მოტივით, რომ უნდა იქნას გამოძახებული ექსპერტი, რომელმაც ნარკოლოგიური შემოწმება ჩაატარა. დავით ხარშილაძე ორჯერ იქნა შემოწმებული დაკავების დროს. ორჯერვე მას არ დაუდგინდა ნარკოტიკების მოხმარება, ხოლო მესამედ თითქოსდა ღრმა კვლევებისთვის დანიშნეს ლაბორატორიული ექსპერტიზა და იქ თითქოს დაუდგინეს რაღაც ნივთიერების მოხმარება. სწორედ ეს მესამე ექსპერტიზა რაც ჩატარდა, ის ექსპერტია მოწვეული და ჩვენ ალბათ 4-ში დავესწრებით ადვოკატები და მივიღებთ შესაბამის ზომებს." განაცხადა "პირველ რადიოსთან" საუბარში დავით ხარშილაძის ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ.







გაზიარება და მოწონება