კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩაწერა არ მიმაჩნია ადეკვატურ ნაბიჯად - პრეზიდენტი
2017-04-20 14:41:07 · ამობეჭდვა

კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩაწერა არ მიმაჩნია, რომ ადეკვატური ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ის კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებს ხვდება.

„რაც შეეხება ევროატლანტიკურ კურსს, გულწრფელად გეტყვით, რომ მე როგორც ჩემი წინა პოლიტიკური ცხოვრებით, ასევე როგორც პრეზიდენტი, მუდმივად აქტიურად ვიყავი ჩართული ჩვენი ევროატლანტიკური კურსის გაღრმავებასა და ჩვენს მისწრაფებაზე ნატო-სკენ, თუმცა გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არ მიმაჩნია, რომ ეს ადეკვატური ნაბიჯია. ქართველი ხალხის ნება ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციისთვის არის მთავარი გარანტი და არა ის ჩანაწერი. მითუმეტეს, ჩანაწერი, რომელიც არის გარდამავალ დებულებებში და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ჩანაწერი კონკრეტულად რაღაც პოლიტიკური დისკუსიის თუ პოლიტიკური შეთანხმების შედეგია. კონსტიტუციაში პოლიტიკური მიმართულებები, ამა თუ იმ ალიანსში გაწევრიანება, ხომ შეიძლება ჩაგვეწერა მაშინ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი უნდა ვიყოთ, გაერო-ს წევრი უნდა ვიყოთ, ევროკავშირის, ნატო-ს წევრი უნდა ვიყოთ, ამის ჩაწერა გულწრფელად რომ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კურსის ძალიან ერთგული როგორც გამტარებელი, ისე იდეურად ამის მომხრე პოლიტიკოსი ვარ, არ მიმაჩნია, რომ ეს კონსტიტუციაში უნდა ეწეროს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.







გაზიარება და მოწონება