რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს ადეკვატური პასუხები უნდა გავცეთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით
2017-04-11 13:11:18 · ამობეჭდვა

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საფრთხეს, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, ადეკვატური პასუხები უნდა გავცეთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით.

"საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს და საფრთხე, რომელსაც ადეკვატური პასუხები უნდა გავცეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით. საუკეთესო საშუალება შეკავების პოლიტიკის ფარგლებში არის სწორედ ის და სწორედ ის აკავებს აგრესორს ყველაზე მეტად, რომ ჩვენი სამხედრო მზადყოფნა იყოს ძლიერი. ეს ამცირებს სწორედ აგრესორის თავდასხმის რისკს, ამიტომ სანამ აგრესორი გადაწყვეტს ჩვენზე თავდასხმას, მან უნდა იფიქროს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო და მან უნდა იფიქროს, ღირს თუ არა საერთოდ ამ შემთხვევაში თავდასხმა”, - განაცხადა ლევან იზორიამ და სწორედ თავდაცვისუნარიანობის გაზრდით ახსნა სამინისტროში განხორციელებული ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცესი:

”ყველაზე დიდი პრობლემა ეს იყო, თავდაცვის ბიუჯეტში პროპორციულად არ იყო თანხები განაწილებული, თავდაცვის ბიუჯეტის 70% მიმართული იყო სახელფასო უზრუნველყოფაში და სოციალურ დახმარებებზე მიმართული, ხოლო აღჭურვილობაზე 2%. თუ ეს ნაბიჯები არ გადავდგით, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე. რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ეს გადაწყვეტილებები, მე ვგრძნობდი ამ პასუხისმგებლობას, რომ გადაგვედგა ეს პრინციპული ნაბიჯები და აგვეხსნა მოსახლეობისთვის, რატომ არის ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი”, - აღნიშნა მინისტრმა.







გაზიარება და მოწონება