"ამ ეკონომიკური ზრდით საქართველო ისევე მაჩანჩალა ქვეყანა იქნება, როგორიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო"
2017-03-30 13:54:40 · ამობეჭდვა

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის აზრით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში საამაყო არაფერია და "ამ ეკონომიკური ზრდით საქართველო ისევე მაჩანჩალა ქვეყანა იქნება, როგორიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო":

“ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 4-დან 5%-მდე გამოწვეულია იმით, რომ შარშან იყო ძალიან დაბალი ზრდა. შარშან იყო ეკონომიკური ვარდნის ძირი და ვარდნასთან მიმართებით ეს ზრდა არის მეტი, თუმცა თუ გადავხედავთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკას, ეს არის იმდენად მცირე, რომ ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების პროცესზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4%, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,8 % შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,4%, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,8%.





გაზიარება და მოწონება