2017-03-27 18:20:17
DCFTA საინფორმაციო ცენტრის პირველი ტრენინგი მეწარმეებისთვის ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობების შესახებ

27 მარტს, ქალაქ გორში DCFTA საინფორმაციო ცენტრის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი სურსათის უვნებლობის თემაზე. ეს იყო პირველი ტრენინგი, რომელიც ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით დაარსებული DCFTA საინფორმაციო ცენტრის ფარგლებში გაიმართა.

ტრენინგს ბიოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ლაფერაშვილი  უძღვებოდა და მასში მონაწილეობა ხილის წარმოების სექტორში დასაქმებულმა 30-მდე ადგილობრივმა მეწარმემ მიიღო.

განხილულ იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ხარისხის კატეგორიები, სურსათის უვნებლობის პოლიტიკა საქართველოში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები, ჰიგიენის მოთხოვნები მცენარეული წარმოშობის პირველადი წარმოების პროდუქტებისთვის, კარგი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკის (GAP) ძირითადი პრინციპები და სხვა საკანონმდებლო, პრაქტიკული და თეორიული საკითხები.

„ღრმა და ყოვლისმომცელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და პირველადი წარმოების მცენარეული პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობები - როგორია რეალობა და რა გამოწვევების წინაშე დგანან ქართველი მეწარმეები? ეს ის კონკრეტული თემებია, რისი განხილვაც მსგავსი ტიპის სემინარების ფორმატში აუცილებელია, რადგან ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტის მსურველებმა თითოეული დეტალი კარგად უნდა გააცნობიერონ“ - აღნიშნა  ქეთევან ლაფერაშვილმა.

„მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. DCFTA საინფორმაციო ცენტრების მხარდაჭერა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმით არის გათვალისწინებული. პროექტის მხარდაჭერით 5 ასეთი ცენტრია გახსნილი თბილისში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და სიღნაღში.

“უკვე რამდენიმე თვეა, რაც ცენტრები ავამოქმედეთ. ამ ეტაპზე ჩვენი ექსპერტები საქართველოს მასშტაბით 5 საინფორმაციო ცენტრში სატესტო რეჟიმში მუშაობენ. მალე მოხდება პროექტის პირველი ფაზის შეჯამება, რის შემდეგად ცენტრების მუშაობა მეტად გააქტიურდება და ისინი უკვე სრულფასოვან კონსულტაციებს გაუწევენ ბიზნეს-სექტორს ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებსა და სტანდარტებზე“- განაცხადა DCFTA საინფორმაციო ცენტრების პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ვეკუამ.

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის ინიციატივის „EU4Business“  ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.

„EU4Business“ ინიციატივის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu.

 

ამავე თემაზე