როგორი იქნება ახალი სარეზერვო სამსახური?
2017-03-24 14:16:12 · ამობეჭდვა

სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის მიხედვით, აქტიურ სარეზერვო სამსახურში 18-დან 55 წლამდე ასაკის სამოქალაქო პირები ჩაირიცხებიან და სარეზერვო სამსახურში მსახურობის ხანგრძლივობა წელიწადში 45 დღე იქნება.

ახალ კონცეფციას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს აცნობენ. კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახური ითვალისწინებს რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც შეადგენს წოდებრივი სარგოს 20%-ს ყოველთვიურად და 100%-ს ქვედანაყოფში გამოძახებისას. აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტით იქნება განსაზღვრული. ესენია: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტთა რეზერვი.
სარეზერვო სამსახურის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები და კონცეფიით წარმოდგენილი ინიციატივები კანონში სათანადო ცვლილებებს გამოიწვევს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი თავდგირიძის განმარტებით, რეზერვი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ მასობრივი არმიების შესაქმნელად - გლობალური ომებისათვის, არამედ სამოქალაქო პირი გამოყენებული იქნება ტერიტორიის მიხედვით და სადაც ის ცხოვრობს, მომზადებას იმ ტერიტორიულ არეალში გაივლის. მისივე თქმით, რეზერვისტობა ნებაყოფილობითი იქნება. თავდგირიძის ინფორმაციით, დაგეგმილია 12 000-იანი დაჯგუფების შექმნა.

”რეზერვი ერთიანი მართვის სისტემაში მოექცევა. დანაკარგების რეზერვის მართვის ძალიან მოქნილი სისტემა შეიქმნება. რაც მთავარია, შემოდის აქტიური სარეზერვო სამსახურის ფორმა. ეს საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ტერიტორიული თავდაცვის ძალები და ფართოდ ჩავრთოთ მოქალაქეები ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. ისინი სამოქალაქო ცხოვრებას არ მოსწყდებიან, მაგრამ ამასთანავე მათი საბრძოლო უნარ-ჩვევა ძალიან მაღალი იქნება. მათი ორგანიზებულობაც იქნება ძალიან მაღალი. ტერიტორიული თავდაცვის ძალები შეიქმნება ეროვნული გვარდიის ბაზაზე დღეს არსებული ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ფაქტობრივად, თანხობრივ დანახარჯებს არ გამოიწვევს. თუმცა, ტერიტორიული რეზერვის რეზერვისტი ანაზღაურებადი იქნება და ამაში ბენეფიტებს მიიღებენ”, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.





გაზიარება და მოწონება