ივნისიდან საყოველთაო დაზღვევა დიფერენცირებული ხდება
2017-03-16 13:39:04 · ამობეჭდვა

საყოველთაო დაზღვევა იქნება დიფერენცირებული და ის ექვს სხვადასხვა კატეგორიაზე გადანაწილდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პირველი კატეგორია მიზნობრივი ჯგუფია, სადაც შედიან პენსიონერები, 0-იდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები. დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ კატეგორიას ექნება ულიმიტო დაზღვევა, ისეთი როგორიც აქამდე ჰქონდა.

ერთადერთი ცვლილება, მინისტრის თქმით, არის მედიკამენტების კომპონენტი. სახელმწიფო შემოიღებს ოთხი ქრონიკული დაავადების მიხედვით საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელზეც წვდომის საშუალება მიზნობრივი ჯგუფის ნაწილს ექნება. აღნიშნული სიახლე ძალაში მიმდინარე წლის ივნისიდან შევა.

როგორც დღეს დავით სერგეენკომ განმარტა, მეორე ჯგუფი ეს არის მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები. მინისტრის თქმით, მოქალაქეს, რომელსაც აქვს 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, მათ არ ექნებათ უფლება ისარგებლონ სახელმწიფო დაზღვევით. ხოლო საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქემ უნდა გააკეთოს არჩევანი, თუ რომელი დაზღვევით ისარგებლებს -კერძო თუ სახელმწიფო დაზღვევით, რადგან, სერგეენკოს თქმით, ერთდროულად ორივეთი სარგებლობის უფლება არ ექნება. რაც შეეხება დაბალი და არარეგულირებული შემოსავლის მქონე მოქალაქეებსა და მოზარდებს - დავით სერგეენკოს განცხადებით, მათ აქვთ არჩევანის უფლება. ასევე, მათ სახელმწიფო სთავაზობს, რომ გარდამავალ პერიოდში ორივე პაკეტით ერთდროულად ისარგებლონ.

რაც შეეხება სერვისებს, რომლითაც სარგებლობა ყველა კატეგორიას შეეძლება, ეს იქნება მშობიარობა, ხოლო ონკოლოგიის მართვა, გარდა იმ პირებისა, ვისაც შემოსავალი 40 000 ლარზე მეტი აქვს, ყველასთვის უფასო იქნება. საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური შემოსავლის მიხედვით.

დღეს წარმოდგენილი ცვლილებები ძალაში მთავრობის დამტკიცების შემდეგ შევა.







გაზიარება და მოწონება