2017-02-25 12:22:36
"თავისუფლების სიმტკიცე, მისი დაცვის მაღალ ხარისხშია და ჩვენ მათ მხედრულ ტრადიციებს ვაგრძელებთ"-იზორია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნის უკვდავსაყოფად აგებული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკო

დღეს, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ნაწილებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძართან აღმართული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკო და 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

“დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში. თავისუფლების სიმტკიცე, მისი დაცვის მაღალ ხარისხშია და ჩვენ მათ მხედრულ ტრადიციებს ვაგრძელებთ, როდესაც მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე. წელს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც ჩვენ თავდაცვისუნარიანობას აამაღლებს და უფრო უსაფრთხოა და უფრო მტკიცეს გახდის ჩვენს თავისუფლებას”,- განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორია და ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მთავარანგელოზის დასის სახელობის ტაძარშიც იმყოფებოდნენ, სადაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა სახელზე სანთლები დაანთეს.

ამავე თემაზე