ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
პირველი ბრიგადის დაზვერვის ასეული ავღანეთში გაემგზავრა
2017-01-12 10:13:54 · ამობეჭდვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი ბრიგადის დაზვერვის ასეული მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ავღანეთში, მაზარ-ი- შარიფში ბაზა „მარმალზე“ გაემგზავრა. ასეული საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გააცილეს. პირველი ბრიგადის ასეულმა ავღანეთში მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული როტაციის წესით ჩაანაცვლა. გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა, მაიორ მიხეილ მეზვრიშვილის მეთაურობით, შვიდი თვის განმავლობაში ავღანეთში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს საერთაშორისო მისიას.

„დაზვერვის გაძლიერებული ასეული ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში საერთაშორისო მისიის შესასრულებლად გავაცილეთ. ასეულმა ხუთი თვის განმავლობაში საუკეთესო წრთვნები გაიარა გერმანიაში და სწორედ გერმანიის სარდლობის დაქვემდებარებაში განახორციელებს აღნიშნულ საერთაშორისო მისიას. მე უკვე ორჯერ ვერსტუმრე მაზარ-ი-შარიფს და გერმანელი გენერლებისგან ძალიან მაღალი შეფასება მოვისმინე იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ჩვენი სამხედროები ადგილზე ეწევიან. დარწმუნებული ვარ, მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში აღნიშნული ასეულის მოღვაწეობა სწორედ იმ სამხედრო ტრადიციების და პროფესიონალიზმის განმტკიცება და გაგრძელება იქნება, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალები საერთაშორისო მისიის ფარგლებში ასრულებენ და ამ მხრივ ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან მაღალ დონეზე ვართ შეფასებულები“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა საჭიროების შემთხვევაში მოკავშირე და ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა და სწრაფი რეაგირება იქნება.

„მინდა გზა დავულოცო ჩვენს სამხედროებს და წარმატება ვუსურვო. მათ მეტად მნიშნველოვანი მისიის შესრულება მოუწევთ მაზარ-ი-შარიფში. ისინი გერმანული კონტიგენტის შემადგენლობაში იქნებიან და მათი ამოცანა იქნება სწრაფი რეაგირება. ჩვენმა ქვეგანაყოფმა სულ ახლახანს თავი ისახელა აღნიშნული ამოცანის შესრულებისას, როდესაც მათ გერმანული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თავდასხმისგან უსაფრთხოდ გამოიყვანეს და გადაარჩინეს“ - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის მომზადება ასეულმა ჯერ საქართველოში, მანავში, რეინჯერთა მომზადების სკოლაში სამი თვის განმავლობაში ქართველი ინსტრუქტორების ზედამხედველობით გაიარა, შემდეგ კი - ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში, 37-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე, გერმანელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით მიმდინარეობდა. ასეულის პირადი შემადგენლობის გადასროლისწინა წრთვნა გერმანიაში სამ ფაზად იყო დაყოფილი. სამხედროებმა ინდივიდუალური, ათეულის, ოცეულის და ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლებები გაიარეს, მათ შორის, სამედიცინო, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობა, ტაქტიკური სწავლება ყველა დონეზე და სწავლებაზე ორიენტირებული მეცადინეობებისთვის სამეთაურო რგოლის შეკრება. ასეულმა გერმანელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით ორჯერ განახორციელა ოცეულის და ასეულის დონის ტაქტიკური სწავლება, რომლის სცენარიც რეალურ სიტუაციასთან იყო მიახლოებული.

„პირველი ბრიგადის დაზვერვის ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მარმალზე სწრაფი რეაგირების ამოცანას შევასრულებთ, ჩვენ ვიქნებით ბაზის სწრაფი რეაგირების ასეული. მივემგზავრებით შვიდი თვით და ჩვენი მოცანა იქნება როგორც მოკავშირე ძალების, ასევე ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების დაუყოვნებლივი მხარდაჭერა და დახმარება“ - განაცხადა მიხეილ მეზვრიშვილმა, დაზვერვის ასეულის მეთაურმა.







გაზიარება და მოწონება