iPlus-ის დირექტორი - პატარა ბარბარემ შთაგვაგონა შეგვექმნა ფონდი პატარების სიცოცხლის გადასარჩენად
2017-01-11 15:27:24 · ამობეჭდვა

iPlus-ი ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად საქველმოქმედო ფონდს ქმნის. iPlus-ის დირექტორის ლაშა ბანეთიშვილის განცხადებით კომპანიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი პატარების სიცოცხლის გადარჩენას მოხმარდება. “ერთ-ერთ არხზე გავიდა სიუჟეტი პატარა ბარბარეზე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. საშინელებაა, როდესაც პატარას, რომელიც რამდენიმე ხნის მოვლენილია, უწევს ბრძოლა ისეთ წინააღმდეგობებთან, რომლის მიმართაც ზრდასრული ადამიანებიც უძლურები ვართ. დამთრგუნველია მშობლების, ახლობლების სახეები, განცდები, რომლებიც საკუთარი ნაწილის გადასარჩენად საჭირო ფინანსების შესაგროვებლად გზას და საშველს ეძებენ. სიუჟეტი პატარა ბარბარეზე იმდენად სულისშემძვრელი ამბავი იყო, რომ იმავე დღეს გარკვეული ოდენობის თანხა გადავრიცხეთ ბარბარეს დასახმარებლად. ჩვენს Facebook გვერდზე iClub.ge გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ ყველას შეძლებოდა პატარას გადარჩენა. ყველა გავერთიანდით, გვინდოდა ბარბარეს დავხმარებოდით, რომ ებრძოლა, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ გამოგვივიდა. ბარბარე ცაშია, თუმცა ამ პატარამ დედამიწაზე ცოტა ხნით მოსვლით სხვების გადარჩენას დაუდო საფუძველი. ბარაბრემ შთაგვაგონა და მოგვცა ბიძგი, რომ ჩამოგვეყალიბებინა ფონდი, რომელიც ბარბარესავით პატარებს დაეხმარება. ამ ქველმოქმედების შემდეგ გვწერდნენ და გვირეკავდნენ ადამიანები და გვიყვებოდნენ თავიანთი შვილების, მეგობრების შვილების ისტორიებს - ეს იყო ტრაგედია. როდესაც უამრავი ბავშვი იღუპება მხოლოდ იმის გამო, რომ სამედიცინო დახმარების მისაღებად ფინანსებია საჭირო. ჩვენ პატარა ბარბარემ, სხვა პატარების შემზარავმა ისტორიებმა გადაგვაწყვეტინა დაგვეარსებინა iPlus-ის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც გადაარჩენს პატარების სიცოცხლეს. iPlus-ის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი ჩაირიცხება ამ ფონდში და მოხმარდება ჩვენთვის ყველაზე ძვირფასის, ბავშვების გადარჩენას. ჩვენ ვითვალისწინებთ საზოგადოების კითხვებსაც, რომელიც ჩნდება, სოკოებივით მომრავლებული საქველმოქმედო ორგანიზაციების მიმართ და ვაცხადებთ, რომ ნამდვილად გამჭვირვალედ მოხდება ფინანსური დახმარება. ფონდში შესული თითეული თეთრი უმკაცრესად გაკონტროლდება და ჩვენი პატარების გადასარჩენად განკუთვნილ თანხას არავინ გამოიყენებს ნებისმიერი სხვა მიზნისთვის. მოგმართავთ ყველას, ორგანიზაციებს, მოქალაქეებს შევქმნათ სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითი და თუნდაც მიზერული თანხით ავიღოთ პასუხისმგებლობა, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის პატარები”, - აცხადებს ლაშა ბანეთიშვილი.





გაზიარება და მოწონება