ფონდი „სიცოცხლის ხე“ მომავალი წლის გეგმების შესახებ აცხადებს
2016-12-28 12:23:56 · ამობეჭდვა

თბილისი, 29 დეკემებრი, 2016 – ფონდმა „სიცოცხლის ხე“, საქართველოს ბანკის ფონდმა, 2016 წელი შეაჯამა და 2017 წლის გეგმების შესახებ განაცხადა.

2016 წლის განმავლობაში, ფონდმა განაგრძო ზრუნვა განათლების ხელშეწყობასა და შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებით, რის ფარგლებშიც განხორციელდა 20-ზე მეტი პროექტი და საერთო დაფინანსებამ 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. „სიცოცხლის ხემ“ განახორციელა: პროექტები შშმ პირების საზოაგადოებაში ინტეგრაციისა და განათლების ხელშეწყობისთვის; კამპანიები შშმპ თემატიკაზე საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებელად; დააფინანსა სტიპენდიები აბიტურიენტებისა და სამაგისტრო პროგრამის მონაწილეებისთვის. 2016 წელს ფონდის საქმიანობას შეემატა კიდევ ერთი მიმართულება - გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სოციალური საწარმოების შესაქმნელად. ხსენებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 5 საწარმოს პროექტი თითოეული 50,000 ლარამდე მოცულობის დაფინანსებით. 2016 წელს, „სიცოცხლის ხემ“ 40-მდე პირს გადაცა ეტლები და დამოუკიდებელი გადაადგილების დამხმარე საშუალებები. ფონდმა ასევე გაარემონტა და ავეჯით აღჭურვა რუსთავში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, სადაც 6 მზრუნველობამოკლებული მოზარდი ცხოვრობს. 2016 წელს, ფონდის ხელშეწყობით მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის დამატებით ხელმისაწვდომი გახდა „საქართველოს ბანკის“ 10 სერვისცენტრი; საერთო ჯამში, ამ დროისთვის, „საქართველოს ბანკის“ 23 სერვისცენტრია ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

2017 წელს „სიცოცხლის ხე“ მუშაობას გააგრძელებს ძირითადი პრიორიტეტების თანახმად და განახორციელებს რამდენიმე ინოვაციურ პროექტს, მათ შორის: ფონდი გამოაცხადებს მეორე საგრანტო კონკურსს სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად; გაუშვებს donate.ge-ს - ერთიან საქველმოქმედო პორტალს, სადაც შესაძლებელი იქნება შესაწირის გაკეთება სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდში და, ასევე, ნივთების დონაცია სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და ბავშთა სახლების დასახმარებლად. კერძოდ, პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ნივთის უანგაროდ გაცემა, რომლის ტრანსპორტირებასაც „სიცოცხლის ხის“ კურიერი განახორციელებს მიზნობრივად; „სიცოცხლის ხე“ ასევე გამოაქვეყნებს ფინანსურ ლექსიკონს, რაც ხელს შეუწყობს ფინანსების სფეროში ცოდნის გავრცელებას - ნებისმიერ მსურველს ექნება ინფორმაცია იმ საფინანსო ტერმინებზე რომლებიც ყველაზე ხშირად გამოყენებადია და რთულად აღსაქმელი; ქალაქში არსებული ეკოლოგიური და სატრანსპორტო პრობლემების შემცირების მიზნით, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებისთვის ამოქმედდება საავტომობილო დამგზავრების აპლიკაცია, რომლის მეშვეობით ისინი შეძლებენ დაემგზავრონ ერთმანეთს და ერთობლივად გამოიყენონ ნაკლები სატრანსპორტო საშუალება; მოხდება „საქართველოს ბანკის“ დამატებით 15 სერვისცენტრის ადაპტირება შშმ პირებისთვის; ბანკის სერვისცენტრები ასევე აღიჭურვება ტაქტილური ბილიკებით, სპეციალური მანიშნებლებითა და ბრაილის შრიფტის წარწერებით; განხორციელდება „საქართველოს ბანკის“ 11 ბანკომატის ადაპტაცია უსინათლო მომხმარებლებისთვის.


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.tree.ge





გაზიარება და მოწონება