2016-12-02 16:49:00
„არბიტრაჟის დღეები“ თბილისში
თბილისში ყოველწლიური კონფერენცია, ”არბიტრაჟის დღეები” მიმდინარეობს. ღონისძიებას 100-მდე მოწვეული სტუმარი ესწრება. არბიტრაჟის დღეები არის წამყვანი კონფერენციაა არბიტრაჟის მიმართულებით საქართველოსა და მთელს რეგიონში. მისი მიზანია სადისკუსიო სივრცის შექმნა პრაქტიკოსი იურისტებისათვის, სტუდენტებისათვის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და არბიტრაჟით დაინტერესებული პირებისათვის და არბიტრაჟის სფეროში არსებული სიახლეების გაცნობა. "ზოგადად ძალიან წარმომადგენლობითი კონფერენციაა და ის ეძღვნება არბიტრაჟის თემას. არბიტრაჟი ეს არის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმი, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმეტს წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოში კანონმდებლობის მხრივ გადაიდგა დიდი ნაბიჯები ამ სფეროს განვითარებისთვის."- აცხადებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი-ნინო ჩიქოვანი. ფორუმი ხელს უწყობს საერთაშორისო არბიტრაჟის განვითარებას და საქართველოს ჩამოყალიბებას რეგიონული არბიტრაჟის ცენტრად. 2014 და 2015 წლების მსგავსად, არბიტრაჟის დღეებში მონაწილეობას იღებენ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო სააარბიტრაჟო სასამართლოს (საფრანგეთი), ჰააგის არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლოს (ნიდერლანდები) და სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს (შვედეთი) წარმომადგენლები. კონფერენცია გაიხსნა პირველი ქართული არბიტრაჟის განმარტებითი ლექსიკონის პრეზენტაციით, რომელიც შემუშავდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. სამდღიანი კონფერენციის განმავლობაში მონაწილეები ხვდებიან არბიტრაჟის წამყვან ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში იმართება სემინარი ახალგაზრდა პრაქტიკოსებისათვის, რომელსაც ატარებს დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი საერთაშორისო დაწესებულება დავების მოგვარების სფეროში. 3 დეკემბერს კონფერენციას დაასრულებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის ახალგაზრდული ფორუმის (ICC YAF) ღონისძიება. 2016 წლის თბილისის საარბიტრაჟო დღეების პარტნიორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“, იურიდიული კომპანია „BLC“, ,,იუაი საქართველო“. ღონისძიების მედია პარტნიორები არიან ფორბს საქართველო და TDM.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები