"თქვენ ხართ სამჭედლო ქართული მებრძოლი სულისა"- სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან 17 წელი გავიდა
2016-11-29 10:45:04 · ამობეჭდვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან 17 წელი გავიდა. იუბილე ვაშლიჯვრის ბაზაზე საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები დაესწრნენ.

ცერემონიალი სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებს იუბილე მიულოცეს და სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა.
„გილოცავთ იუბილეს! თქვენი დანაყოფი არის ერთ-ერთი ელიტური დანაყოფი. დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ეს დღე ახალ გენშტაბის უფროსთან ერთად მოგილოცოთ და დაგპირდეთ, რომ ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად შეგიქმნათ საუკეთესო პირობები სარისკო წვრთნების წარმატებულად ჩატარებისთვის. რათა ჩვენი ქვეყანა უფრო დაცული და მომზადებული იყოს იმისთვის, რომ ყველანაირ საფრთხეს გასცეს დროული და ადეკვატური პასუხი. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ამ 17 წლის განმავლობაში მათ ჩვენთან ერთად ჩამოაყალიბეს თქვენი დანაყოფი. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აშშ-ს გაწეული მხარდაჭერისთვის. სიმბოლურია, რომ ამ იუბილეს მათი წარმომადგენლებიც ესწრებიან. ჩვენი ინსტრუქტორები ორი თვეა წარმატებით ახორციელებენ და კიდევ განახორციელებენ წვრთნებს, ეს სიმბოლური გამოხატულებაა იმისა, რაც თავიდანვე საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი და წარმატებებს პარტნიორებთან ერთად ვიზეიმებთ.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, ესტონეთის დელეგაციას მივესალმო, რომელიც თქვენთან განსაკუთრებით ამ მიმართულებით თანამშრომლობს. მინდა მივესალმო პოლონეთის და იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ იშურებენ ენერგიას და ძალისხმევას, რათა ჩვენ ვიყოთ იმ სტანდარტების შესაბამისი, რასაც ჰქვია თანამედროვე, ნატოს სტანდარტები. როდესაც ვსაუბრობ ელიტურ დანაყოფზე, მხედველობაში მაქვს წვრთნების ის სარისკო ხასიათი, რომელსაც თქვენ გადიხართ. საზოგადოება ამის მოწმენი გავხდით ახლო წარსულში, როდესაც ერთ-ერთი წვრთნების დროს დავკარგეთ ჩვენი ძმები, თქვენი თანამებრძოლნი და ვისურვებდი, რომ მომავალში ასეთი შემთხვევები არ გვქონდეს, რომ უსაფრთხოების მაქსიმალური სტანდარტები დავიცვათ. იმ დღეებში და იმ დღეების შემდეგ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის ის, რომ თქვენ აჩვენეთ, თუ რა არის ერთი ოჯახი, თანაგუნდელის ოჯახის თანაგრძნობა, გვერდით დგომა. ეს არის რაც ყველაზე ელიტურს და განსაკუთრებულს ხდის თქვენს დანაყოფს. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო და კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა, რომ ასეთი ღირსეული ქართველები გაზარდეს.

აქ მხოლოდ ფიზიკური მომზადება კი არა, ქართული მებრძოლი სულის გაწვრთნაც ხდება. თქვენ ხართ სამჭედლო ქართული მებრძოლი სულისა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ვისურვებდი, ეს ტრადიციები მომავალშიც გააგრძელოთ“,- მიმართა თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, პოლკოვნიკ დიმიტრი კიკნაძეს ღირსეული მეთაურობისთვის მადლობა გადაუხადა.
გენერალური შტაბის უფროსმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება სპეცდანიშნულების დანაყოფის ისტორიაზე გაამახვილა და სამხედროებს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. დიდ ბრიტანეთში სადაზვერვო ქვედანაყოფების შეჯიბრებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სწავლებაზე საპატიო მეორე ადგილის დაკავებისთვის თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები - „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადასცა. გენერალური შტაბის უფროსმა ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვა. რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ კი მადლობა და სიგელები დაიმსახურა.

სპეციალური ოპერაციების ძალების 17 წლის იუბილეს ფარგლებში სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საჩვენებელი ტაქტიკური სწავლება გამართეს. ტაქტიკური სწავლება სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გადმოსხმას, ობიექტის მიმართულებით გადაადგილებასა და საბრძოლო მასალის გამოყენებით ობიექტის განადგურებას ითვალისწინებდა.

დღესვე, სპეცდანიშნულების ბატალიონის ფოიეში სამხედრო აღჭურვილობა და სპეციალური შეიარაღება გამოიფინა. იუბილე სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა.

1992 წლის 22 ნოემბერს, პირველად საქართველოში, ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორთა დახმარებით ჩატარებული „სპეცდანიშნულების საბრძოლო კურსი“ წარმატებით დაასრულა 12-მა სამხედრო მოსამსახურემ. ასე შეიქმნა პირველი სპეცდანიშნულების ჯგუფი და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საფუძველი ჩაეყარა სერტიფიცირებული სპეციალური ოპერაციების ტაქტიკურ ქვედანაყოფს.





გაზიარება და მოწონება