საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა
2016-11-23 16:08:37 · ამობეჭდვა

საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) მემორიალი გაიხსნა. მემორიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გახსნეს და გვირგვინით შეამკეს.

თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხატა საერთაშორისო მისიებში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ და მათ ოჯახებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი მოტივაცია ჩვენს საქმეში და ამ ბიჭების მოტივაცია სამხედრო სამსახურში პირველ რიგში არის ის, რომ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ჩვენს არსებობას და ღვაწლს ქვეყნის წინაშე აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ასე დავუფასებთ გმირებს მათ განვლილ ცხოვრებას და იმ გმირობას, რაც მათ სამშობლოს წინაშე ჩაიდინეს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

მემორიალის გახსნას ასევე დაესწრნენ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ზაალ კაპანაძე, ნუკრი გელაშვილი და გიორგი ბუთხუზი.

ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სამგლოვიარო მარში შეასრულა.







გაზიარება და მოწონება