მთავარი ამოცანაა მაქსიმალური თავსებადობა ნატო-ს სტანდარტებთან- ჩაჩიბაიამ საქართველოს საბრძოლო დროშა გადაიბარა
2016-11-23 12:47:35 · ამობეჭდვა

გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს საბრძოლო დროშა გადაიბარა. გენშტაბის ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი მთავარი ამოცანა ჯარის ბრძოლისუნარიანობის გაზრდა და ნატო-სთან მაქსიმალური ინტეგრაცია იქნება.

„შეიარაღებულ ძალებში განხორციელდება მთელი რიგი რეფორმები, ჩვენ მაქსიმალურად შევქმნით შეიარაღებულ ძალებს ადეკვატურს იმ საფრთხეებთან მიმართებაში, რომელიც რეგიონში არსებობს. ასევე მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ვიყოთ თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან,“-აცხადებს ჩაჩიბაია.

გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იქნება ამბობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლობა ალიანსთან მჭიდროა, თუმცა მისი ფუნქცია ახალ თანამდებობაზე იქნება მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში.

კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმაც, ლევან იზორია აცხადებს, რომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა არაერთი რეფორმა უნდა გაატაროს.

„დღეს ჩვენ ამ ცერემონიით, სწორედ ამ ფაქტორებს გავუსვით ხაზი, რომ ჩვენ ყველანი მიუხედავად ჩვენი რანგისა ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას ვხედავთ ამ ინსტიტუციურ განვითარებაში, რომელიც საერთო ჯამში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს,“-განაცხადა ლევან იზორიამ.





გაზიარება და მოწონება