2016-10-30 13:52:10
ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტია სხვა ლიდერებმაც დატოვონ

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პარტიიდან წასვლის მოთხოვნით შესაბამისი განცხადება, მხოლოდ დავით უსუფაშვილმა და  ფრიდონ საყვარელიძემ დაწერეს, ხოლო თინა ხიდაშელს მსგავსი განცხადება არ დაუწერია.

„სხვა არც ერთ პარტიის წევრს არ მოუმართავს. პაატა ზაქარეიშვილი დიდი ხანია წასულია, წავიდა არასამთავრობო სექტორში, პოლიტიკაში არ რჩება, თუმცა ეს ადრე მოხდა, უსუფაშვილამდე. ჩვენ არასოდეს არ ველოდებით არავისგან ასეთ ნაბიჯს, მაგრამ ადამიანებს სრული უფლება აქვთ, გადადგან რა ნაბიჯებიც გაუხარდებათ. მოლოდინი, რომ პარტიას დატოვებდა, მე არც უსუფაშვილისგან მქონდა, არც მათ შორის ზაქარეიშვილისგან, არ ველოდებით ასეთ რამეს, რადგან პარტიას აქვს თავის ღირებულებები, რომელიც ყველასთვის იყო საერთო. ეს ღირებულებები როდის გახდება ვინმესთვის ტვირთი მე არ ვიცი, პარტიიდან წასულები ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ, გახდაო”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ უსუფაშვილის წასვლის შემდეგ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ,,რესპუბლიკელების“ სხვა წევრებმაც მიიღონ.

„დავით უსუფაშვილმა გახსნა პანდორას ყუთი და თუ ვინმეს რამე სურვილი ჰქონდა, რაღაც მოტივით თავი დაეღწია „რეპუბლიკური“ ტყვეობისთვის, თუკი ესტყვეობაა ვინმესთვის, ყველა თავისუფალია და ის წავა. პარტიაში არის პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, ყველა მდივანი ადგილზეა და არც ერთი წასვლას არ აპირებს, ჯერ-ჯერობით ასეა. რთული პროცესია, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის, რაც აქამდე არ გინახავს. “რესპუბლიკური პარტია“ ათასობით ადამიანმა დატოვა და ათასობით ადამიანი შემოვიდა, ასეთი პარტიაა, მას ტოვებენ ხოლმე, მაგრამ არასოდეს არ კვდება იმის გამო, რომ დიდი ან პატარა ვინმე მიატოვებს”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამავე თემაზე