"კასტელო მარე-კოშკი ზღვაში" - ციხისძირში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
2016-06-26 14:49:01 · ამობეჭდვა

აჭარის რეგიონს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი კლასის სასტუმრო - "კასტელო მარე" შეემატა. ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. მან იმედი გამოთქვა, რომ აჭარაში განხორციელებული მსხვილი ბიზნესპროექტი, რომელშიც 25-მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას.
“ეს არის ულამაზესი, აბსოლუტურად უნიკალური დასასვენებელი და სამკურნალო კომპლექსი, რომელიც ბუნების ამ ულამაზეს წიაღში, ისტორიულ ადგილას, მართლაც ქამელეონივით შეერწყა უმშვენიერეს გარემოს. ეს არის კომპლექსი, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ისედაც ძალიან ლამაზ ლანდშაფტს. აქ 25 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია უკვე დაიხარჯა, მაგრამ ეს კიდევ არ არის დასასრული და შემოგარენის განვითარების ძალიან ამბიციური გეგმები გააჩნია ბატონ სოსო ორჯონიკიძეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, ის რომ ბატონმა სოსომ წარმატებას მიაღწია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მან საკუთარი კაპიტალის ძალიან დიდი ნაწილი დააბანდა საქართველოში და ის კიდევ აგრძელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს,” - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და დამსწრეთ მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო.
“აჭარაში ხორციელდება უამრავი ძალიან ლამაზი პროექტი, ეს კუთხე დღითიდღე იცვლება და იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის და არა მხოლოდ. ბათუმი ხდება ასევე ბიზნესქალაქი და ბიზნესცენტრი, რასაც დამერწმუნეთ, სრულიად სხვა საფეხურზე აჰყავს ამ რეგიონის მნიშვნელობა. ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს აჭარის მასშტაბით, ეს გახლავთ ზემო აჭარის კურორტების განვითარება, ეს არის გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი და წელს ჩვენ უკვე დავაკონტრაქტეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც გოდერძის კურორტზე აშენდება. ჩვენ ასევე ვიწყებთ სულ უახლოეს დღეებში ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ტურიზმის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური განვითარებისთვის,” - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური ოთხწლიანი გეგმა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, რაც 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.





გაზიარება და მოწონება